|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დაგვიტოვეთ პარლამენტი ქუთაისში“ – მოთხოვნები აქციაზე

„დაგვიტოვეთ პარლამენტი ქუთაისში“,  „ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი“, -  ეს იმ აქციის მთავარი სლოგანებია, რომელიც პარლამენტის წინ, დღეს  გამართულ  აქციაზე ქუთაისელმა ახალგაზრდებმა გააჟღერეს.

აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს მოუწოდეს, ქვეყნის კონსტიტუციაში პარლამენტის მდებარეობის ერთადერთ ადგილად ქუთაისი მიუთითონ, რადგან მათი აზრით, ქალაქს განვითარების სხვა პერსპექტივა არ გააჩნია.

„ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი და ეს არის ქვეყნის განვითარების პერსპექტივა. მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს  ქვეყნის დეცენტრალიზაცია და პარლამენტი ქალაქში დაგვიტოვონ,“ - ამბობს აქციის მონაწილე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალიმი ხერხაძე.

არასამთვრობო ორგანიზაცია „ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი რეგიონების განვითარებისათვის“ ხელმძღვანელის შალვა გვანცელაძის თქმით, ახალგაზრდების მიერ სპონტანურად მოფიქრებულ აქციას მისი ორგანიზაციაც შეუერთდა. როგორც გვანცელაძე ამბობს,  ქუთაისის ფუნქციური, ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვისათვის ერთადერთი გამოსავალი პარლამენტის ქალაქში არსებობაა.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  მომავალში  მსგავსი ტიპის აქციები მეტ  მასშტაბებსა და პერიოდულობას შეიძენს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე