|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქის ცემის გამო დააკავეს

სამართალდამცავებმა ჩხუბის გამო ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე დააკავეს. კაკაბაძე ძალოვნებმა  თბილისში, რესპუბლიკურ საავამდმყოფოში ყოფნისას აიყვანეს,  სადაც ის ჯანმართელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყო მოთავსებული. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ გააკეთა.   

თევდორაძის თქმით,  კაკაბაძეს მოქალაქის ცემა ედება ბრალად. საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ფაქტს, როდესაც როგორც თევდორაძე ამბობს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე ვანში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ოფისში შევიდა და გინება დაიწყო. თევდორაძის თქმით, შესაძლოა, ოფისში გარკვეული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,  რადგან მოქალაქე „ნაციონალების“ ოფისიდან  ნაცემი გამოვიდა და დახმარებისთვის „ქართული ოცნების“ ოფისს მიმართა. მომხდართან დაკავშირებით კი ძალოვნებმა მოკვლევა დაიწყეს.

გია თევდორაძის შეფასებით, მისთვის გაუგებარია დავით კაკაბაძის დაკავების  მიზეზები, რადგან მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე გამოძიებასთნ თანამშრომლობდა. უმცირესობის წარმომადგენელი მომხდარს ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლას უკავშირებს.

„გუშინ თანამდებობიდან გადადგნენ ხობისა და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეები. ჩვენი ინფორმაციით, მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ამ ზეწოლის შედეგად მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დღეს უკვე ჯანმრთელობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ  ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს ჩემთვის გაუგებარი აუცილებლობის გამო აკავებენ,“ - ამბობს თევდორაძე.

საპარალმენტო უმცირესობის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული ფაქტები თვითმმართველობის მუშაობაში გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს, რაც  როგორც თევდორაძე ამბობს,  ქვეყანას კარგ შედეგებს არ მოუტანს.

„საქართველო უნდა შედგეს იმ სახელმწიფოდ, სადაც ხალხის მიერ არჩული თვითმმართველობა უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ მისწრაფებებს,“ - ამბობს გია თევდორაძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე