|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კვლევის წინასწარი მონაცემებით პარლამენტში ჟანგბადის დეფიციტია

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შენობაში მაღალი დოზით არის აზოტი და ნახშირორჟანგი, ხოლო ჟანგბადი  საერთოდ არ მოიპოვება.

დეპუტატების განცხადებით, კვლევითი ორგანიზაცია „გამასგან“ შედეგები საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა წინასწარი ინფორმაცია კანონმდებლებისათვის უკვე ცნობილია. 

„მე ექიმი ვარ და კარგად ვხვდები, რომ უჟანგბადობაში ვართ. აზოტის მაღალმა ოდენობამ ორგანზმში შეიძლება გამოიწვიოს ის  ნიშნები,  რაც ზოგიერთ პარლამენტარს აქვს.  ჟანგბადის მიუწვდომლობა  თავის ტვინში აზროვნების დაქვეითებას იწვევს და ნამდვილად არ მინდა რომ საქართველოს პარლამენტი დაქვეითებული აზროვნებით იყოს,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

დეპუტატის თქმით, კარგი იქნება თუ შენობას ზემოდან მინებს ახდიან და ჰაერს შენობის  შიგნით  შემოსვლის საშუალებას მისცემენ.

„ მშენებელი არა ვარ, გამოსავალი რომ ვიცოდე.  თავიდან,  როცა ეს შენობა იგეგმებოდა, სწორად უნდა დაგეგმილიყო.  ალბათ პროექტში იქნებოდა ეს ჩადებული, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, „გაახალტურეს“,“ - ამბობს საგანელიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში კვლევა საკანონმდებლო ორგანოს დაკვეთით, დაახლოებით ორი კვირის წინ ჩატარდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე