ადამიანის უფლებების დაცვის დღე ქუთაისში აქციით აღნიშნეს
,,შენ დაბადებით თავისუფალი ხარ“, ,,შენ გაქვს უფლება,
აირჩიო და აკონტროლო ხელისუფლება“, ,,შენს უფლებებს იცავს კანონი“, - ამ გზავნილებით ქუთაისში, დღეს ნიმდის დემოკრატიის
სკოლის წევრებმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ნიმდის დემოკრატიის სკოლის ქუთაისის მეორე თაობის წარმომადგენლებმა,
ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის აქცია ,,წითელი
ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს და ქუთაისელებს თავიანთი უფლებები გააცვნეს.
აქციის წევრებმა,
საქალაქო ავტობუსებში, მოსახლეობას სიმბოლური ბილეთები დაურიგეს, სადაც ადამიანის
ძირითადი უფლებები იყო ჩამოთვლილი.
,,პირველ რიგში, ყველას ვულოცავ ადამიანის უფლებათა
დაცვის დღეს. დღევანდელი აქციით კი კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ქუთაისელ მოქალაქეებს
თავიანთი უფლებების შესახებ. რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამბობს აქციის ორგანიზატორი
ლაშა მესხი.
,,ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე მსოფლიოს მასტაბით,
თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს“,- ამბობს ნიმდის დემოკრატიის სკოლის
წევრი თამუნა რობაქიძე.
ავტორი: ანა ჯანაშია