|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალურ“ რიგებს მესამე წევრიც უბრუნდება?

ქუთაისის საკრებულოში  ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებს, შესაძლოა, კიდევ ერთი  დეპუტატი დაუბრუნდეს.

კულუარებში არსებული ინფორმაციით, ამჯერად ფრაქციაში დასაბრუნებლად უმრავლესობის წევრი, მანანა კიკაბიძე ემზადება.

"ფრაქციაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მანანა კიკაბიძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს. გამორიცხული არაა სხვა დეპუტატებიც დაუბრუნდნენ ფრაქციას", – უთხრა წყარომ newpress.ge-ს.

თავად, მანანა კიკაბიძე  ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  რიგებში მეორედ გაწევრიანების  შესახებ არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, ფრაქციაში დაბრუნებას არ ვაპირებ", – ირწმუნება მანანა კიკაბიძე, რომელმაც ფრაქცია, საკრებულოს 4 დეპუტატთან ერთად, ერთი თვის წინ დატოვა.

 შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებს გასულ კვირას ორი დეპუტატი – ნოე კუხიანიძე და ვიტალი ბოჭორიშვილი დაუბრუნდა.

დეპუტატების ფრაქციდან გასვლას და ერთ თვეში უკან დაბრუნებას  ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში  დემოკრატიულ პროცესად მიიჩნევენ.  

 "ეს არის დემოკრატიული პროცესი. როცა უნდათ გადიან ფრაქციიდან და როცა უნდათ  შემოდიან. ეს არ არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ყველა ადამიანს აქვს არჩევანი. როცა უნდათ დეპუტატები  მიდი–მოდიან.  რა პრობლემაა", – ამბობს  საკრებულოს აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი.

"დეპუტატების მიერ  ფრაქციის დატოვებასა ან  უკან დაბრუნებაში ვერანაირ პოლიტიკურ ქვეტექსტს ვერ ვკითხულობ. რადგან, ეს ცოცხალი ორგანიზმია და ასეთი სიტუაციებიც იქნება", – ამბობს საკრებულოში  უმარვლესობის წევრი ტარიელ მესხი.

დეპუტატების ფრაქციიდან „გასვლა–შემოსვლას" პოლიტიკის ნაწილად თვლის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ მეშველიანი. "დეპუტატების მიერ ფრაქციის დატოვება და მერე დაბრუნება არის პოლიტიკური საკითხი. ფრაქციის დატოვებაც და შემდეგ დაბრუნება არის მათი ნება. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ  ფრაქციამ მიიღო ეს დეპუტატები", – ამბობს  მერაბ  მეშველიანი.

რაც შეეხება, ფრაქციიდან გასული დანარჩენი წევრების შესაძლო დაბრუნების საკითხს,   ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის კახა ნემსიწვერის განმარტებით, ამდროისთვის ფრაქციაში დაბრუნების თაობაზე ახალი განაცხადი არ შესულა. "თუკი დაბრუნდებიან, ვიმსჯელებთ და ისევ მივიღებთ ფრაქციაში. ფრაქციის კარი ღიაა", – ამბობს  კახა  ნემსიწვერიძე.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაბა“ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ხუთმა დეპუტატმა (აკაკი სიხარულიძე, ნოე კუხიანიძე, მანანა კიკაბიძე, ვიტალი ბოჭორიშვილი  და ირინე ივანეიშვილი) ერთდროულად დატოვა.

მანამდე კი ფრაქციას ორი დეპუტატი გამოეყო. გიორგი სიხარულიძემ და კახა ნურალიძემ ოპოზიციონერ დეპუტატთან, მამუკა მღვდელაძესთან ერთად ახალი ფრაქცია „ქუთაისი“ ჩამოაყალიბეს.

ავტორი: თეკლა მორგოშია