ხარვეზები დევნილთა მიმართ განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამაში
საქართველოს მთავრობის მიერ, 2012
წელს შემუშავებულ, დევნილთა მიმართ განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამაში ბევრი ხარვეზია - აღნიშნულის
შესახებ, დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში ისაუბრეს.
ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, საიაში გამართულ შეხვედრას სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,დევნილობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის ინოვაციური გზები“ – ასე ქვია პროექტს, რომელიც შეხვედრაზე წარადგინეს
საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, დევნილთა მიმართ გასახორციელებელ
სახელმწიფო პროგრამაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბევრი პრობლემა, განხილვის გარეშეა დარჩენილი.
,,საიას სამუშაო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში დადიოდა
დევნილთა საცხოვრებელი პირობების შესასწავლად. გაირკვა, რომ იძულებით გადაადგილებულ
პირებს უამრავი პრობლემა აქვთ. მათი ნაწილი უკმაყოფილოა თავიანთი საცხოვრებელი ფართის
სიმცირით და თვლიან, რომ სულადობის მიხედვით, ფართები სწორად არ დაუნაწილდათ. დევნილები,
ასევე, უკმაყოფილო არიან უხარისხო რემონტით.
თუმცა ყველაზე მტკივნეული საკითხი მათთვის
ისაა, რომ ამ დრომდე გაურკვეველი რჩება საცხოვრებელი
ბინების პრივატიზაციის საკითხი. ყველა ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარება: უხარისხო რემონტის
გამოსწორება, თუ ალტერნატიული ფართების შეთავაზება დროულად უნდა მოხდეს. ამ საკითხებზე ჩვენ მზად გვაქვს
გარკვეული რეკომენდაციები“,– ამბობს ,,საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე თამარ ფაჩულია.
,,საიას“ ოფისში დევნილთა ისეთი პრობლემური საკითხებიც
გაჟღერდა, რომელთა გადაწვეტისათვის, შეხვედრაზე მყოფი პირების განმარტებით, სახელმწიფო
პროგრამაში ნახსენები არაფერია. ,,სახელმწიფო
პროგრამაში არ სჩანს, რა ბედი ეწევა იმ დევნილებს,
ვინც წვალებით დააგროვა ფული და სახლი ისე შეიძინა. ამ პროგრამაში ბევრი მსგავსი უზუსტობაა და აუცილებელია
ეს შეცდომები გამოსწორდეს,“– ამბობს იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმის და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ზაზა ჩაჩავა.
დევნილთა პრობლემების გამოსწორების მიზნით, საიას წარმომადგენლების
განმარტებით, აუცილებელია, სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულ იქნას, მათ მიერ
შემუშავებული რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ დევნლთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის
სამოქმედო გეგმა 2012–2014 წლებზეა გათვლილი.
ავტორი: ანა ჯანაშია