პარლამენტის კომისია აუდიტის სამსახურს შეამოწმებს
პარლამენტში შექმნილი კომისია კონტროლის პალატის საქმიანობას
შეისწავლის. უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს,
საპარლამენტო უმცირესობაში პოლიტიკური ელფერის მატარებლად თვლიან. უმრავლესობაში კი
აცხადებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებელი ორგანო უნდა გახდეს.
პარლამენტის ნდობით აღჭურვილი კომისია, რომელიც
9 დეპუტატისა და 5 მოწვეული ექსპერტისგან შედგება, აუდიტის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და ორგანიზაციულ საქმიანობას შეისწავლის.
საკანონმდებლო ორგანო აუდიტის სამსახურს ყოველწლიურად
ამოწმებს, თუმცა მიმდინარე წელს კომისიის უფლებამოსილება
გაიზრდება, რადგან გასულ წლებში სამსახურის მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის
კონტროლი ხორციელდებოდა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დღეს, „კონტროლის
პალატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნევს, უმრავლესობის მხრიდან ინიცირებული ცვლილება პირდაპირ
ზღუდავს აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხს.
„თავიდან იყო განცხადებები გაკეთებული, რომ ეს არის
მხოლოდ ტექნიკური ცვლილება, თუმცა დღევანდელმა მსჯელობამ ცხადყო, რომ ცვლილება პოლიტიკურ ელფერს ატარებს. ჩემი მთავარი მოწოდება იყო, პიროვნულ სიმპათიებს
ან ანტიპათიებს კონკრეტული ინსტიტუტის დამოუკიდებლობის
ხარისხი არ უნდა გადავაყოლოთ, ამიტომ, აღნიშნულ
ცვლილებას უმცირესობის მხარდაჭერა არ ექნება,“ - ამბობს მელიქიშვილი.
უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, აუდიტის
სამსახური წინა ხელისუფლების ხელში, უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში პოლიტიკური ხასიათის
საქმინაობას ეწოდა და ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური ტეროტის მექანიზმად იქცა. დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის
მისაღწევად ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას რა ხდებოდა აღნიშნულ სამსახურში.
„პოლიტიკური ელფერი კი არა ყველანაირი ფერი იყო კონტროლის
პალატის საქმიანობაში, განსაკუთრებით ბოლო
ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების
დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენდა,“ - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე