|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანდატურებს უფლებები ეკვეცებათ

საჯარო სკოლებში მასწავლებლებისა და დირექტორების ქცევას მანდატურები ვეღარ გააკონტროლებენ.

მანდატურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მანდატურების უფლებამოსილება იკვეცება და სასწავლო პროცესში მონაწილე პირების კონტროლის ნაცვლად,  მანდატურის ინსტიტუტი  მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

მანდატურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

განათლების სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის დავით ლომინაშვილის განცხადებით, კანონში შესატანი ცვლილებებით იხსნება მანდატურის  კონტროლი  დირექტორისა და მასწავლებლის საქმიანობაზე. მანდატური სკოლის დირექციასთან ითანამშრომლებს, რომ მოსწავლემ დანაშული არ ჩაიდონოს სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ან კიდევ თვითნებურად არ დატოვოს ტერიტორია.

გარდა ამისა, თუ მანდატური სკოლის სამეურვეო საბჭოს სათათბირო ხმის უფლებით ესწრებოდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა შეეძლო,  კანონში ცვლილების შემდეგ, მას ამის უფლება აღარ ექნება და პროცესში ნეიტრალური პირის სტატუსით იქნება ჩართული.

მანდატურის უფლებების კვეცის პარალელურად, განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მათი მომზადების აუცილებლობას ვერ ხედავს.

განათლების უწყების  წარმომადგენლის დავით ლომინაშვილის თქმით, აუცილებელი აღარ არის მანდატურებმა გადამზადების პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიარონ. მანდატურების მომზადებას  ამიერიდან განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

„ჩვენთის სასურველია მანდატურსა და მოსწავლეს შორის იყოს მეგობრული ურთიერთობა და მანდატურს, როგორც დაშინების მექნიზმს, ისე არ უყურებდნენ მოსწავლეები,“ - ამბობს ლომინაშვილი.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კანონში შედის, მოსწავლის ჩხრეკას შეეხება. ამ დრომდე არსებული ნორმით, პირადი ჩხრეკის ჩატარების უფლება დირექტორს ან მის მიერ ნდობით აღჭურვილ პირს შეუძლია. ცვლილების შემდეგ, კი  მოსწავლეს ვიდრე შეამომოწმებენ, მანამდე უნდა გააფრთხილონ, რათა დაიცვან მოსწავლის ინტერესები. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე