ფინანსურმა პოლიციამ „მაკნატუნა“ დახურა
„ვის ინტერესშია მაკნატუნას გაჩერება?“, „დაგვეხმარეთ
გაჩერებული ქარხნის ამუშავებაში“, „თავისუფლება 22 ლარზე დაპატიმრებულ დისტრიბუტორებს,“
- ამგვარი მოწოდებებით ქუთაისში მდებარე მზუსუმზირის ქარხანა „მაკნატუნას“ თანამშრომლებმა
პარლამენტთან აქცია გამართეს.
„მაკნატუნას“ წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საწარმოში საგადასახადო
და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ,
რომლებმაც ქარხნის დირექტორი და ორი დისტრიბუტორი დააკავეს. გარდა ამისა, წაიღეს სერვერი,
რომლითაც დისტრიბუცია კონტროლდებოდა. ქარხნის ერთ-ერთი
დამფუძნებლის დავით ფხაკაძის თქმით, აღნიშნულის
მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ დისტრიბუტორებმა
ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველის თხოვნა გაითვალისწინეს და ქვითარი 28 ლარით ნაკლები
თანხით გამოწერეს.
დავით ფხაკაძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენების გამო,
საწარმო ფაქტობრივად გაჩერებულია.
„ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო და დისტრიბუტორები
პროვოკაციაზე წამოაგეს, რადგან მაღაზიაში კამერები იყო და იწერებოდა. ამ ადამიანებს ოფიციალურად ბრალ იჯერ არ აქვს წაყენებული, თუმცა
მუხლი, რომლითაც ისინი დააკავეს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი ლევან გამყრელიძე, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, შეურაცხყოფას
გვაყენებდა, ინტრიგანი გვიწოდა. დამნაშავეებს უშვებენ გარეთ და პატიოსან ხალხს აკავებენ,“
- ამბობს დავით ფხაკაძე.
ქარხნის ერთ-ერთი დამფუძნებლის გია გუმბერიძის თქმით,
ფინანსური და საგადასახადო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მათ დისტრიბუტორებს კითხავენ,
წინა ხელისუფლების პირობებში იყვნენ თანამდებობებზე,
ხოლო არჩვნების წინ მეწარმეებს თანხებს „აწერდნენ“.
„ჩვენ პირველ რიგში ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას.
შემდეგ გვინდა შეხვედრა პარლამენტში თუ არსებობს რაიმე კომისია, რომელიც ბიზნესის საკითხებზე
მუშაობს. ჩვენ დაშინებული ვიყავით წინა ხელიუსფლების დროს, ახლაც შიშია და მომავალშიც
ალბათ ასე იქნება. ჩვენთვის არაფერი იცვლება,“ - ამბობს გია გუმბერიძე.
ქარხანა „მაკნატუნადან“ დაკავებული სამი ადამიანის გარდა,
გამოძიებამ 5 თანამშრომელი გუშინ დაკითხა და
დღეს კიდევ დაიბარა დაკითხვაზე.
საწარმოში დაახლოებით
80 ადამინია დასაქმებული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე