|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტუდენტები თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ალაპარაკდნენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების მტკიცებით,  სტუდენტური თვითმართველობის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება.

ამ მოსაზრებას სტუდენტური გაერთიანება ,,ალტერნატიული თაობის“ წევრები იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ მათ  მიმდინარე წლის თვითმმართველობის ბიუჯეტის განხილვის საშალება არ მიეცათ.

,,აშკარაა, რომ ფინანსური ხარვეზებია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტში. რის გამოც შეგნებულად არ გვაძლევენ მისი გაცნობის საშუალებას. თუმცა მათ ამის არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ. ეს ფაქტები კი გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ უნვერსიტეტის თვითმმართველობა პოლიტიზირებულია და მისი რესურსებიც სწორედ ამ ნიშნით იხარჯება“, – ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი მირიან გეწაძე.

წერეთლის უნივერსიტეტის თვითმართველობის  პოლიტიზირებული ნიშნით დახარჯულ ბიუჯეტზე საუბრობენ დანარჩენი სტუდენტებიც. ,,ყველას ძალიან კარგად ახსოვს თვიმართველობის წერვები როგორ ჩაერთვნენ წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიზირებული არიან. სწორედ ამიტომაც, დღემდე გვიმალავენ თვითმართველობის წევრები ბიუჯეტს. ეს პროცესები დღემდე გრძელდება. თანხები არა მხოლოდ ნაციონალური პოლიტიკის, არამედ პირადი სურვილების მიხედვითც იხარჯებოდა. რადგან არსებობს ეჭვი, რომ სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი იტალიაში დასასვენებლად სწორედ თვითმართველობის ბიუჯეტის წყალობით იმყოფებოდა.  ჩვენ კი ვაპირებთ ამ საკითხების უკეთ გასარკვევად  სხვა სხელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავრთოთ. ამისთვის მზადებას უკვე   მომდევნო კვირიდან დავიწყებთ“,– ამბობს სტუდენტური გაერთიანება ,,ალტერნატიული თაობის“ წევრი ლანა რუსეიშვილი.

სტუდენტების მოსაზრებას, რომ თვითმართველობის ბიუჯეტი, პირადი, თუ პოლიტიკური ნიშნით იხარჯება, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თავად სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი თქმით, სტუდენტების მიერ წამოყენებული პრეტენზიები მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებებია.

,,ჩვენს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი მიზნობრივია. ასე, რომ  სტუდენტური გაერთიანების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, თითქოს თვითმმართველობა ფულს პირადი, ან პოლიტიკური სურვილებისთვის ხარჯავს უსაფუძვლოა. სტუდენტებს ნამდვილად აქვთ კანონიერი უფლება გაეცნონ ბიუჯეტს. თუმცა ეს აქამდე იმიტომ არ განხორციელდა, რომ მათ მიერ გამოგზავნილ წერილობით განცხადებაში ბევრი ხარვეზი იყო გამოსასწორებელი, რომლის გამოსწორების შემთვევაში, მათ მიეწოდებათ ეს  დოკუმენტები,“ – ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი კურტანიძე.

სტუდენტური გერთიანების წევრებმა უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში შეკრებილ სტუდენტებსა და ჟურნალისტებს, ზემოთ აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ, ფოტოარქივიდან ის ფოტოსურათები და ვიდეო მასალა წარუდგინეს, სადაც სტუდენტური თვითმართველობის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებით არიან. 

ავტორი: ანა ჯანაშია