|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაკნატუნას" დირექტორსა და დისტრიბუტორებს სასამართლომ გირაო დააკისრა

მზესუმზირის ქარხანა „მაკნატუნა“–ს დისტრიბუტორებს ლაშა ტატუაშვილსა და ნიკა იობიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000–3000 ლარინი გირაო შეუფარდა. ხოლო საწარმოს დირექტორს, კოსტია ირემაძეს 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.

ბრალდებულების ახლობელთა განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოადგინა, რომელიც დისტრიბუტორებისა  და საწარმოს დირექტორის დანაშაულს დაამტკიცებდა.

„პროკურორი დისტრიბუტორებისათვის 6000–6000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, დირექტორისათვის კი გირაოს შეფარდებაზე საუბარი არ ყოფილა. ამ ადმიანებს ისეთი არაფერი ჩაუდენიათ. 28 ლარის გამო ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი.  ისიც იმიტომ, რომ დისტრიბუტორებმა მაღაზიის გამყიდველის თხოვნა შეასრულეს. საბედნიეროდ, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და გირაოს გადახდის შემდეგ დაკავებულებს გაათავისუფლებენ“ , – ამბობს ერთ–ერთი დისტრიბუტორის მეუღლე ელენე ჯანელიძე.

ქუთაისში მდებარე მზესუმზირის ქარხანა „მაკნატუნას“ ერთ–ერთი დამფუძნებლის, გია გუმბერიძის თქმით, საწარმო ხვალიდან მუშაობას აღადგენს.

როგორც გუმბერიძე ამბობს, ძალოვნების მიერ ქარხნიდან ამოღებული სერვერი, რომლითაც დისტრიბუცია კონტროლდებოდა საწარმოს უკვე დაუბრუნეს.

„გარდა ამისა, ერთმა პიროვნებამ გვაჩუქა მეორე სერვერი, სრულიად უსასყიდლოდ. ამიტომ, საწარმოს მუშაობის გაგრძლებაში ხელს არაფერი უშლის. საქმე ძიებაში რჩება, თუმცა დღეს სამართალმა პური ჭამა,“ –  ამბობს გია გუმბერიძე.

შეგახსენებთ, რომ „მაკნატუნაში“ საფინანსო და საგადასახადო პოლიცია მიმდინარე წლის 11 დეკემბერს შევიდა.   რომელთაც საწარმოდან ამოიღეს სერვერი. გარდა ამისა, იმავე დღესვე დააკავეს ქარხნის ორი დისტრიბუტორი და საწარმოს ხელმძღვანელი.

გაჩერებული ქარხნის აღდგენისა და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით საწარმოს თანამშრომლებმა გუშინ, 12 დეკემბერს, პარლამენტთან აქცია გამართეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე