„ნაციონალები“ პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებენ
სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსის ზვიად ობოლაძის
დაკავებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლების
მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად მიიჩნევენ.
ობოლაძე, რომელიც სამართალდამცავებმა დაკითხვაზე დღეს
დაიბარეს, იმერეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
იმერეთის მხარის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ და
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ მომხდართან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
„ეს ყველაფერი პოლიტიკურ რეპრესიებს ემსგავსება. ამის
მაგალითი ზვიად ობოლაძეა, რომელიც აბსურდული ბრალდებით დააკავეს. კოალიციამ დაიწყო თავისი საარჩევნო დაპირებების შესრულება, თუმცა
ეს უკავშირდება არა სოციალურ დაპირებებს, არამედ
იმ პირების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ. ზვიად
ობოლაძე კახა კალაძის პირადი ანგარისწორების მსხვერპლია. კალაძე დაპირდა ობოლაძეს,
რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ობოლაძეზე სამართელბრივი დევნა განხორციელდებოდა,“
– ამბობს გია თევდორაძე.
ზვიად ობოლაძისათვის სამართალდამცავებს ბრალი ჯერ არ
წაუყენებიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის
ოფისში აცხადებენ, რომ პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავების მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდში
მისი საქმიანობა გახდა. ობოლაძის სახელს უკავშირდება არჩევნების წინ, კოალიციის სამტრედიის
მაჟორიტარის, კახა კალაძის შტაბის უფროსის
დაკავება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე