|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, ვიდეო გადაღება დაუშვან

იუსტიციის სამინისტრო  სასამართლო დარბაზებში აუდიო-ვიდეო ჩაწერის ინსტიტუტის აღდგენის წინადადებით გამოდის.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის  ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში სასამართლოებში გადაღება  არ ხდებოდა. ბარამიძემ იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  „საერთო სასამართლოების კანონში“ ცვლილებები წარმოადგინა.

სასამართლოში გადაღებების აკრძალვის გარდა, მინისტრის მოადგილე უარყოფითად აფასებს უკანასკნელ წლებში სასამართლოებში დამკვიდრებულ ადამიანების ჩხრეკის პრაქტიკასაც.

„ყველაზე საშიშ აეროპორტებშიც კი არ ჩხრეკენ ასე  ხალხს. ჩვენ ვთავაზობთ წესს, რომ ჩხრეკა და საგნების მორთმევა უსაფრთხოების მიზნების გარდა არ უნდა ხდებოდეს.  მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც ქვეყანაში არც თუ მაღალია. საზოგადოება ვერ განახორცილებს კონტროლს სასამართლოზე, სასამართლო დრბაზებში  თუ არ იქნება დაშვებული კამერები. ეს მოსამართლეებს აიძულებს უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებები გამოიტანონ,“ - ამბობს ბარამიძე. 

საპარლამენტო უმცირესობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შეჩერებას ითხოვს. უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა ახალ მთავრობას პირველი რეკომენდაცია მისცა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნამდე მისი განხილვა გადაიდოს.

პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ  ცვლილებათა პაკეტს  დაჩქარებული წესით არ განიხილავენ და კანონპროექტზე მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.  გარდა ამისა, ვახტანგ ხმალაძის წინადადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით კარგი იქნება ფართო საჯარო განხილვის მოწყობა, ამ სფეროში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე