ნიკა მელია დეპუტატის მანდატს ტოვებს, ნაცმოძრაობა პარლამენტში რჩება
ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში დარჩენისაკენ მოუწოდებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოხდეს.
როგორც მელია აცხადებს, ის ელენე ხოშტარიასთან ერთად მთლიანად საარჩევნო კამპანიაში ერთვება.
"მე პირადად, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში, ვტოვებ იქაურობას, ანუ ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან-ბოლომდე თხემით-ტერფამდე გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. ამავე დროს, ჩემი უმორჩილესი თხოვნით, პრინციპული პოზიციით, დამოკიდებულებით, გუნდის შიგნით, ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე ფორმალურად, ტექნიკურად დარჩნენ პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები „ქართულ ოცნებას“ ბოლომდე მივაყვანინოთ. თუკი ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს, რა სივერაგესთან აქვთ საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ვტოვებ პარლამენტს, საპარლამენტო მანდატს და ჩემივე პრინციპული თხოვნით ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები რჩებიან პარლამენტში,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ნიუპრესი