„ნონას თასი“ ერთი დღით ქუთაისს ესტუმრება
საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს „ნონას თასის“ საქართველოში მოგზაურობა გრძელდება.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი ქუთაისში ერთი დღით, 5 აგვისტოს დაიდებს ბინას.
ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში 18 საათზე დაიწყება, მოეწყობა საჭადრაკო ვიქტორინა და სხვადასხვა ბლიც- თამაშები.
თასი უკვე იყო თბილისში, თელავში, რუსთავში და გორში. ღონისძიების ორგანიზატორი ჭადრაკის ფედერაცია და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.
ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალ თასს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანა მოიპოვებს, თუმცა მანამდე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის თასი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.
1998 წლიდან ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.
ფოტო-არქივი
ავტორი: ნიუპრესი