ნორმასთან შეუთავსებელი გამონაბოლქვიანი ავტომობილებით ქუთაისი ლიდერთა შორისაა
4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყება 4 სექტემბრიდან ახორციელებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 303 დარღვევა თბილისში გამოავლინეს, 149 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 109 - ბათუმში, 80 კი, ქალაქ რუსთავში.
641 ჯარიმიდან 508 ფიზიკური პირის სახელზე დაფიქსირდა, 133 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ავტორი: ნიუპრესი