ოჯახებისათვის სახლების გადაცემის პროგრამა იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში მოქმედებს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია ხორციელდება „სახლდაზიანების პროგრამა", რომლის ფარგლებში, ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახს გადაეცა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, ამ პროექტს უკვე შეუერთდა წყალტუბო და ტყიბული, მომავალში კი მხარის სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან.
,,ამ პროექტს სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ და წელს წყალტუბოს და ტყიბულის თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, სახლები გადაეცა იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად ჰქონდათ ამის საჭიროება. მომავალ წელს აღნიშნულ პროექტს კიდევ, უფრო გავაფართოვებთ და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი