ოლიმპიური ჩემპიონები, რომელთაც ქუთაისში ვარსკვლავები გაუხსნეს
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე ოლიმპიური სკვერი 1998 წელს გაიხსნა. ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ბიუროს გადაწყვეტილებით, ქუთაისელ და იმერელ ოლიმპიურ ჩემპიონებს სიმბოლურად ვარსკვლავები გაუხსნეს, რითაც მათი სახელი კიდევ ერთხელ უკვდავყვეს.
სკვერში ზურაბ საკანდელიძის (კალათბურთელი) , მიხეილ ქორქიას (კალათბურთელი), თემურ აფხაზავას (მოჭიდავე), ირაკლი ცირეკიძის (ძიუდოისტი), გიორგი ასანიძის (ძალოსანი), მაია ჩიბურდანიძის (მოჭადრაკე), ქეთევან ლოსაბერიძის (მშვილდოსანი), დავით ხახალეიშვილის (ძიუდოისტი) და ლაშა ტალახაძის (ძალოსანი) ვარსკვლავებია, ბოლოს ვარსკვლავი საჩხერელ ძალოსან ლაშა ტალახაძეს გაუხსნეს.
სკვერში ასევე არის ზურაბ ზვიადაურის (ძიუდოისტი) ვარსკვლავი, იმერეთის ოლიმპიური მოძრაობის მმართველის რეზო რობაქიძის განცხადებით, ზვიადაურს ვარსკვლავი სიმბოლურად გაუხსნეს, რადგან ის არის პირველი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიური სკვერის ტერიტორიაზე ღია კაფე არის მოწყობილი. კითხვაზე, უქმნის თუ არა კაფე სკვერის იერსახეს პრობლემას, რეზო რობაქიძის განცხადებით, კაფე სკვერისთვის პრობლემას არ ქმნის და პირიქით, მის პოპულარიზაციას ეწევა.
"არ არის პრობლემა, კაფე რომ ფუნქციონირებს, ვარსკვლავებისთვის ადგილი გამოყოფილი არის ცალკე. ამასთან, ტერიტორია დასუფთავებული და მოვლილია და პირიქით, კაფე მის პოპულარიზაციას ეწევა, ასევე ოლიმპიური თამაშების ტრანსლირება ხდება და ამით შეიქმნა სპორტული სივრცე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ასევე ტურისტები ხშირად მიდიან და ათვალიერებენ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების ვარსკვლავებს. გაოცებულიც არიან და ვერ იჯერებენ, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ყავს",-განაცხადა რეზო რობაქიძემ.
კაფე-ბაღი "პრაღა" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას ოჯახის საკუთრებაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი