ონში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჭრეს
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა.
აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით. ბრალდება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ონის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს სახლთან დახვდენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ბორდილაძე დაჭრილია და მას სასწრაფო ოპერაციას თერჯოლის საავადმყოფოში უტარებენ. ოპოზიციის ინფორმაციით, ნოდარ ბურდილაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტმა კახა ისაკაძემ დაჭრა.
ავტორი: ნიუპრესი