"ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა
"ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ აქციას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები რიონის სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობის ნებართვის შეჩერებას ითხოვდნენ. "ამ ტერიტორიას აქვს თავისი ისტორიული დატვირთვა და თითოეული მოქალაქე სტატუსებისა და პოლიტიკური ინტერესების გარეშე, ვალდებულია დაიცვას კულტურული ძეგლები და ტერიტორიები. ქუთაისში მაცხოვრებლები ველოდებით რეაგირებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან და არა უმოქმედობას. რეაგირებას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არა შეფასებებს ვინ რისთვის და რატომ საუბრობს ამ თემაზე,"-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია " თაობათა დიალოგის" გენერალურმა მდივანმა გვანცა თოთაძემ.
"ქუთაისში ამაზე ძველი შენობა არ არსებობს, ეს არის ისტორიული ძეგლი. ხელისუფლების თავხედი წევრები კი ბედავენ ისტორიულ ადგილზე რესტორნის მშენებლობას. ამას გარდა, აქ არის საშიში ზონა, ვინაიდან რიონი რამდენიმე წელში ერთხელ დიდდება და იქმნება საფრთხე",-აღნიშნა გოგი წულაიამ.
რიონის სანაპიროზე მშენებლობას ადგილობრივებიც აპროტესტებენ, როგორც ქუთაისის მკვიდრი ზაალ კუხიანიძე აღნიშნავს, ამ ადგილზე რესტორნის მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაა.
"დღეს ჩემი პროტესტის მიზანია ისტორიულ უბანში აიკრძალოს რესტორნის მშენებლობა. პირველი ის რომ, მშენებლობა მიმდინარეობს კანონდარღვევით, მეორეც, აღნიშნული მშენებლობა ისტორიული ძეგლის ხელყოფააა. თუ ქუთაისის წარმოჩენა უნდათ, წარმოაჩინონ კულტურული ძეგლები",- აღნიშნა კუხიანიძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი