ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეაჩერა
5-6 ივლისს თბილისში განვითარებულინ ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად, რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა, ოთხმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა. ეკრანზე ჩნდება წარწერა: "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!", ამის შემდეგ კი იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც 5 და 6 ივლისს დაშავდნენ.
სიის დასრულების შემდეგ, წარწერები ხელახლა გამოდის.
მედია ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს ინფორმაცია გაავრცელა, რომ შუალედური ექსპერტიზით, ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყო.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა.
კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს კი, შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით.
მედიის წარმომადგენლები 6 ივლისსაც დაშავდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა. ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 — TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
კონტრაქციების მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით, 5 ივლისს შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც.
ავტორი: ნიუპრესი