|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ჯიბუტი: "მინდა დაფასდეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისათვის იბრძოდა და ვინც ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა"

პაატა ჯიბუტი შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. თუმცა, სამშობლოს მისი სამსახური გაცილებით ადრე დასჭირდა. ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში დაბადებული ბიჭი 20 წლის იყო აფხაზეთის ომში რომ წავიდა. ამ პერიოდში სერჟანტის წოდება ჰქონდა. თავდაცვის სამინისტროს პირველ სასწავლო ცენტრში მომზადების გავლის შემდეგ წვევამდელებს სერჟანტებად უკვე თავად ამზადებდა. შეეძლო სასწავლო ცენტრში დარჩენა, მაგრამ იხსენებს, რომ აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, უამრავი ახალგაზრდა იღუპებოდა და ამ პროცესის შორიდან ყურება არ შეეძლო.

პაატა ჯიბუტი: „დიდი შეტაკებები და ბრძოლები გავიარეთ. მტერი არაერთხელ მოვიგერიეთ, ბევრი მშვიდობიანი მოსახლე გადავარჩინეთ. 20 წლის ბიჭები ვიყავით, ბევრი მათგანი ახლა ცოცხალი აღარც არის. უამრავი მეგობარი დავკარგე...“
...1993 წლის 20 სექტემბერი იყო... ქვედანაყოფიდან, რომელშიც პაატა ჯიბუტი მსახურობდა, აფხაზური შენაერთებით გამაგრებული ტერიტორიისკენ 10 კაცი დაიძრა. მალე მტრის ალყაში მოექცნენ. ერთ-ერთ თანამებრძოლი დაიჭრა...
პაატა ჭიბუტი: დუშეთელი ბიჭი იყო, ორი ტყვია მოხვდა. გამოსაყვანად შევედი, მაგრამ უცებ მეც ფეხში დამჭრეს. მტერი სულ რაღაც 40 მეტრში იყო. სიკვდილს თვალებში სწორედ იმ დროს ჩავხედე...“
მოწინააღმდეგის მიერ მათი მიმართულებით ნასროლი ჭურვის წნევამ ხელი მთლიანად დაუზიანა, ფეხში დაიჭრა და მრავალმხრივი დაზიანება მიიღო.
პაატა ჯიბუტი: „ვიცოდი, თუ გავითიშებოდი სისხლისგან დავიცლებოდი. თავს ვებრძოდი, რომ გონი არ დამეკარგა. შემდეგ, კიდევ ორი ტყვია მომხვდა, მაგრამ ამ დროს ჩემს დასახმარებლად ჩემი ძმაკაცი შემოვიდა _ ახლა ვიცე-პოლკოვნიკია...
შეტაკებისას ხელი დაკარგა, ფეხში 3 ტყვია მოხვდა... სახეც დაეწვა _ მაგრამ გადარჩა...
პაატა ჯიბუტი: „რეაბილიტაციის პროცესი მძიმე იყო. ფიქრი იმაზე, რომ ხალხს ვეცოდებოდი, ძალიან მაწუხებდა. შემდეგ იყო „პაუზა“ სამხედრო სამსახურში...
პაატა ჯიბუტი: „2005 წელს, როგორც კი საკონტრაქტო სამსახური შეიქმნა, მივაკითხე. გენერალური შტაბის ამჟამინდელმა უფროსმა დიდი სამსახური გამიწია, ავუხსენი ჩემი სიტუაცია, ჩემი ამბავი და მაშინ მისმა სიტყვებმა, დახმარების ხელმა, რომელიც გამომიწოდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. იმ დღეს ხელახლა დავიბადე, სულ არ გამხსენებია ხელი, ყველაფერი თავიდან დავიწყე...“
შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი... წარსულზე საუბარი უმძიმს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით იცის, ქვეყნისთვის და ომებში დაღუპული ბიჭების იმედების გასამართლებლად ახლაც და მომავალშიც ბევრს გააკეთებს.
პაატა ჯიბუტი: „ვოცნებობ, რომ ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალი დავიბრუნოთ, ძალიან მინდა დაფასდეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირა. დაფასდევს ყველა, ვინც ომის ვეტერანია...

ჯარი და სამხედრო საქმე მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი მეუღლეც სამხედრო მოსამსახურეა. მომავალი მეუღლე აფხაზეთის ომიდან დაბრუნებულმა, რეაბილიტაციის და სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემდეგ გაიცნო. ორი ვაჟი ჰყავთ. პაატა ჯიბუტი ამბობს, რომ თუ შვილებიც მის გზას აირჩევენ, ამ არჩევანს სიხარულით შეხვდება.
პაატა ჯიბუტი: „რატომაც არა, თუ სურვილი ექნებათ უნდა იმსახურონ, ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. უფროს შვილს უკვე ვატყობ ამ სულისკვეთებას, ვგრძნობ მის სურვილს და ძალიან ბედნიერი ვარ...

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა