"პანდემიის დროს, როდესაც მოქალაქეები შიმშილობენ, მსგავსი პროექტები უნდა შეჩერდეს"
ქუთაისის მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 615 000 ლარის გამოყოფას პარტია "თავისუფალი საქართველო" აპროტესტებს.
პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, პანდემიის დროს, როდესაც მოქალაქეები შიმშილობენ, მსგავსი პროექტები არ უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, კიბის რეაბილიტაციისთვის 615 000 ლარია გამოყოფილი, რაც ამ მდგომარეობაში, არამიზნობრივი ხარჯია.
წულაია მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას, შეჩერდეს პროექტი და თანხა გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდეს. ამასთან, აცხადებს, რომ კიბის რეაბილიტაცია ბოლო წლებში სამჯერ მოხდა.
"ამ დროს, როდესაც მოსახლეობას ასე უჭირს, ასეთი პროექტები უნდა შეჩერდეს. არ არსებობს კიბის რეაბილიტაციის აუცილებლობა. მოვუწოდებ მერიას, განახორციელოს მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები და დაზოგილი თანხა ხალხს დაურიგონ. ეს კიბე სამჯერ გარემონტდა და ისევ დაზიანებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უხარისხოდ აკეთებნენ და ფულის საშოვნელ ობიექტადაა გადაქცეული"-განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი