პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად.
„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“,- განაცხადა გახარიამ.
დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.
ავტორი: ნიუპრესი