„პარკინგსერვისმა" ბიუჯეტში შემოსავლები 10-ჯერ გაზარდა"-ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია შპს „პარკინგსერვისის" მისამართით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
ბოლო პერიოდში ,,პარკინგსერვისის“ მისამართით სხვადასხვა ნეგატიური განცხადებები კეთდება, თუმცა, არავინ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ შპს ,,პარკინგსერვისის“ შექმნამ 10 -ჯერ გაზარდა ბიუჯეტში თანხის შემოსულობები. არის გარკვეული პრობლემებიც თუმცა ესეც ეტაპობრივად აღმოიფხვრება- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
"შპს „პარკინგსერვისმა“ ფუნქციონირება დაიწყო 2016 წლის თებერვლიდან, ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში პარკირების სფეროდან შესულია 266 760 ლარი, მაშინ როცა 2015 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 28 226 ლარს შეადგენდა, 2014 წელს 31’043 ლარს, ხოლო 2013 წელს 58’268 ლარს. შესაბამისად ზრდა გასულ წლებთან შედარებით პარკირების სფეროდან 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი საშუალოდ 10-ჯერ არის გაზრდილი.
გარდა ზემოთ აღნიშნული თანხებისა, შპს "პარკინგსერვისს" ბიუჯეტში გადასახადების სახით (დღგ და საშემოსავლო გადასახადი) გადახდილი აქვს 215’432 ლარი. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს, პარკირების რეგულაციებისადმი არასათანადო დამოკიდებულების გამო, კვლავ უხდებათ ჯარიმების გადახდა. ასეთი ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მოსალოდნელია 2017 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში პარკირების სფეროდან ჯამში 400’000 ლარამდე შევიდეს. არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებსაც გადახდილი აქვთ 10 და მეტი ჯარიმა, თუმცა მიუხედავად ამისა, პარკირების აბონიმენტი არ აქვთ შეძენილი. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ შპს "პარკინგსერვისის" მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება გართულდა და დაგროვდა გარკვეული დავალიანება ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ, რომელიც მომდევნო პერიოდში მთლიანად იქნება დაფარული.
აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „პარკინგსერვისის“ დაფუძნება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმეჯერ გამოცხადებული აუქციონის მიუხედავად, კერძო სექტორის მხრიდან არ იქნა გამოთქმული დაინტერესება ამ სფეროთი. ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ერთის მხრივ, კერძო კომპანიას არ ექნებოდა ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერის მოტივაცია, ვინაიდან გადახდილი ჯარიმები მთლიანად მიემართება ბიუჯეტში და კერძო კომპანია ვერ მიიღებდა ჯარიმებიდან ვერანაირ შემოსავალს. უფრო მეტიც, ჯარიმების ადმინისტრირება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული (კონტროლიორების ხელფასი, საფოსტო ხარჯები და ა.შ.). მაგალითად „პარკინგსერვისს“ ერთი ჯარიმის ადმინისტრირება 3 ლარზე მეტი ჯდება.
ბოლო პერიოდში ,,პარკინგსერვისის“ მისამართით სხვადასხვა ნეგატიური განცხადებები კეთდება, თუმცა, არავინ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ შპს ,,პარკინგსერვისის“ შექმნამ 10 -ჯერ გაზარდა ბიუჯეტში თანხის შემოსულობები. არის გარკვეული პრობლემებიც თუმცა ესეც ეტაპობრივად აღმოიფხვრება. შპს "პარკინგსერვისი" დაფუძნდა 2015 წელს ქ.ქუთაისის თვითმმართველობის მიერ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილი იქნა ერთჯერადად, რომელიც მოხმარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. შპს „პარკინგსერვისის“ მიერ პერმანენტულად ხდება პარკირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და გაუმჯობესებისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება, პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე მოხდა საგზაო მონიშვნების მოწყობა და შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება, ასევე სატვირთო და სპეციალური ტექნიკისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით პარკირების მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია როგორც შპს „პარკინგსერგვისის“ ოფისში, ასევე ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების საშუალებით და ინტერნეტით. დაფუძნების დღიდან ორგანიზაციისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტია საზოგადოებასთან ურთერთობა. საქმიანობის საწყის ეტაპზე პარკირების სფეროში სიახლეების შესახებ მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით ჩატარდა აქტიური კამპანია, მოეწყო რამდენიმე პიარ აქცია, დამზადდა ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებში და ინტერნეტ სივრცეში განთავსდა საინფორმაციო რგოლები. მოქმედებს ცხელი ხაზი, ასევე ვებ–გვერდი და ფეისბუქ გვერდი, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება პარკირების წესების, ტარიფების და სხვა რეგულაციების შესახებ", -აცხადებს ქუთაისის მერია.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის მუნიციპალური შპს „პარკინგსერვისის“ საქმიანობაა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანგარიშით, „პარკინგსერვისის“ მიერ 2015-2016 წლებში არსებულმა ხარჯმა და დავალიანებამ 1 254 132 ლარი შეადგინა.
ავტორი: ნიუპრესი