პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს. კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის პირველი საკომიტეტო განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყება.
კომიტეტის სხდომაზე დასწრებას საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ასევე გეგმავს ოპოზიციაც.
„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები და რეკომენდაციები აქვთ. მიუხედავად განხილვებში მონაწილეობისა, ოპოზიციონერი დეპუტატები კოდექსში შესატანი ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ და გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსით დარეგულირდება ის წესებიც, რომელთა დაცვა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად იქნება აუცილებელი. ცვლილებების პროექტს კანონმდებლები რიგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ხვალ უყრიან კენჭს.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიაზე ამომრჩევლებს საკუთარი მისამართის მითითების ვალდებულება აღარ ექნებათ. კანონპროექტის მიხედვით, მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით. მისამართის მითითების ვალდებულება ამ შემთხვევაშიც უქმდება.
ცვლილებების მიხედვით, მხარდამჭერთა სიების ბლანკების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნას ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახით, რომელიც მხარდამჭერ პირთა შემადგენლობის თვალსაზრისით არ უნდა განსხვავდებოდეს ბლანკში აღნიშნული პირებისაგან. ელექტრონული სახით მოსაწოდებელი ინფორმაციის ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.
კანონპროექტის მიხედვით, ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი პირადად აგებს პასუხს შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემებისა თუ ინფორმაციის, საკუთარი და ასევე მხარდამჭერი პირის ხელმოწერის ნამდვილობაზე. აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მას პირადად ეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
ცნობისთვის, კანონის ამჟამად მოქმედი რეაქციის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდაჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ, სადაც მითითებული უნდა იყოს მოქალაქის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი, ხელმოწერის თარიღი და ხელმოწერა.
კანონპროექტის მიხედვით, აგიტაციაში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, რელიგიური ორგანიზაციების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებს, აგრეთვე საჯარო სკოლების პედაგოგებს - სამუშაო საათების განმავლობაში, ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას. აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირთა მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე, არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მაუწყებელთა ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.
ინფორმაციისთვის, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ: ა) საარჩევნო კომისიის წევრს; ბ) მოსამართლეს; გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურეებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს; დ) გენერალურ აუდიტორს; ე) საქართველოს სახალხო დამცველს; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორგანიზაციას; ზ) საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს.
ავტორი: ნიუპრესი