|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ფიქრობენ დეპუტატები პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესაძლებლობაზე?

საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე საუბარი კვლავ განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი დედაქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადავა.  ამის წინაპირობისთვის კონსტიტუციდან უკვე ამოიღეს პარლამენტის ადგილმდებარეობის ჩანაწერი.  

ნიუპრესი"  დაინტერესდა, რამდენად რეალურია საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან გადატანის შესაძლებლობა? ამის გარკვევის მიზნით დეპუტატებს გაესაუბრა.  მათი ნაწილი აცხადებს, რომ არ ყოფილა საუბარი და არც იგეგმება პარლამენტის გადატანა.  ნაწილი თვლის, რომ გუნდში უნდა მოხდეს ამ თემის კიდევ ერთხელ განხილვა, მიზეზად ის თანხები მოყავთ, რაც პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებისთვის იხარჯება.

პარლამენტის ქუთაისის ფუნქციონირების ხარჯებზე საუბრობს ქუთაისელი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე. მისი თქმით, ჯერჯერობით კონსულტაცია არ დაწყებულა, თუმცა თვლის, რომ გასათვალისწინებელია ხარჯები და ენერგია.

„ჯერჯერობით კონსულტაცია არ გვქონია, თუმცა  ჩემი პირადი მოსაზრებით, ძალიან დიდი თანხა იხარჯება  და ძალიან დიდი დრო მიაქვს გადაადგილებას. მე მგონი, უფრო რაციონალური არის... არ ვიცი, უნდა ვიმსჯელოთ გუნდში“–განაცხადა  სოფიო კილაძემ.

პარლამენტის გადატანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, ახალ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლითაც პარლამენტი ქუთაისში რჩება.

„საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ჩანაწერი არის გაკეთებული, რომელიც ძალაში შედის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას და რა თქმა უნდა, პარლამენტი დარჩება ქუთაისში და შეინარჩუნებს თავის ფუნქციას“, –განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის საწინააღმდეგოს ამტკიცებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომლის განცხადებითაც, კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ჩანაწერი გაქრა  და  ჩანაწერი არსებობს მხოლოდ რეგლამენტში. 

"სამწუხაროდ, კონსტიტუციაში გაქრა ჩანაწერი, რომ პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში.  რეგლამენტში ეს ჩანაწერი არსებობს, ვნახავთ,  რას  გადაწყვეტენ. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ქუთაისში. ხშირად მეუბნებიან, რა მოუტანა ქუთაისს? ცალკე აღებული ვერც პარლამენტი და ვერც კოპიტნარის აეროპორტი შედეგს ვერ მოუტანს ქუთაისს და იმერეთს, მაგრამ ეს არის რეგიონის განვითარების ნაწილი და ყველა ცალკეული კომპონენტი მნიშვნელოვანია.   მნიშვნელოვანი არის ქუთაისში პარლამენტის არსებობაც, რომ ქუთაისს ქონდეს ფუნქცია და დატვირთა", -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

პარლამენტის თბილისში გადატანის კატეგორიული წინააღმდეგია იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. ვანისა და ხონის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს პარლამენტის გადატანას.

„გულწრფელად  გეუბნებით, პირად მე წინააღმდეგი ვიქნები“–განაცხადა გივი ჭიჭინაძემ. 

პარლამენტის გადატანას არ ეთანხმებიან ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და კობა ნარჩენაშვილი. მათი თქმით, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და საკითხის გააქტიურდება თუ მოხდება, მხარს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენას დაუჭერენ.

"მიწისძვრამ თუ არ შეგვიშალა ხელი,  დანარჩენი ვერაფერი დაგვძრავს ქუთაისიდან. ჩემი პოზიცია უცვლელია ამასთან დაკავშირებით. მე ბუნებრივია, სამაჟორიტარო ოლქის გამო სამუშაო დიდწილად აქეთ მაქვს და ამაში დისკომფორტს ვერ ვხედავ. რასაკვირველია, თვითონ შენობა ნამდვილად არ არის კომფორტული, მაგრამ მიუხედავად ამისა, პარლამენტის გადატანაზე ჯერჯერობით რაიმე კონსულტაციები არ ყოფილა“, –განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

"მაგაზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შევეწინააღმდეგები გადატანას და მხარს არ დავუჭერ"-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის გადატანაზე მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება. პარლამენტის სასახლე  რეაბილიტაციის მოტივით დაიხურება დასაკლანონმდებლო ორგანოთბილისში  დაიწყებს სრულად ფუნქციონირებას.                                               

პარლამენტის რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბარი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2017 წელს დაიყო, მისი თქმით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია.

მოხდებოდა შენობის შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია, ასევე გარეფასადის შეღებვა, მიმდებარე ტერიტორიის შემოღობა და მოწყობა. ქუთაისის პარლამენტში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა. ამ დროისთვის პარლამენტში მნიშვნელოვანი სამუშაოები არ განხორციელებულა, შეიცვალა მთავარ მისასვლელ გზაზე დაზიანებული ფილები,  ეზოში კი მხოლოდ ბალახი მოითიბა.  

 

 

"ქუთაისში პარლამენტის შენობაში წყალი ჩამოდის"-ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ტერიტორია, პირუტყვისაგან დაცვის მიზნით, შესაძლოა, შემოიღობოს

ქუთაისში, პარლამენტის ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი