|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის ტერიტორია, პირუტყვისაგან დაცვის მიზნით, შესაძლოა, შემოიღობოს

ქუთაისის პარლამენტში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხებზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, პირველადი და გადაუდებელი არის ქუთაისის პარლამენტის შენობის გარე ფასადის შეღებვა. იქიდან გამომდინარე, რომ წყალი ჩამოდის, ფასადი დაზიანებულია. მეორე საკითხი ეხება შენობის გარე პერიმეტრის მოწყობას. 

"მოგეხსენებათ, რომ ქუთაისში პარლამენტის ეზოში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების სადგომები, არ არის სივრცე დახაზული. ასევე სჭირდება დრენაჟისა და დიზაინის სამუშაოების ჩატარება. გარემო შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის და ა.შ.  იმისთვის, რომ ქუთაისის შენობის გარე პერიმეტრი მოეწყოს, არ შემოვიდეს ეზოში პირუტყვი, გვქონდეს ავტოსადგომები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევე მიდის საუბარი იმაზეც, ხომ არ გამწვანდეს გარემო უფრო მეტად, ხომ არ იყოს დაბალი ღობე შენობის გარშემო ან ხომ არ მოვაწყოთ სკვერი ქუთაისელებისთვის. დღის წესრიგში ეს საკითხები დგას. ამის სავარაუდო ღირებულება შესაძლოა 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე იყოს“, – განმარტა ოხანაშვილმა.   მისი თქმით, შესაბამისი სამუშაოები მომდევნო წლიდან დაიწყება.

ჯამში, საქართველოს პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციისთვის  4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. 

ავტორი: ნიუპრესი