პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ათი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს ვუცხადებთ 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს- ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში, რომელსაც ხელს ათი პარტია აწერს.
“ახალი მემარჯვენეები“, “ახალი საქართველო“, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “ევროპელი დემოკრატები“, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება“, “ლეიბორისტული პარტია“, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემო აზრს უკარგავს ქვეყანაში ყოველგვარ არჩევნებს.
“პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, საარჩვენო გარემოს კუთხით კვლავაც მთავარ პრობლემად რჩება: საარჩევნო სისტემა; არათანაბარი მედია-გარემო; არათანაბარი ფინანური რესურსები; დაუზუსტებელი ამომრჩეველთა სია; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების უსამართლო წესები; ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება; ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება.
მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნების“ უარი საარჩევნო გარემოს რეფორმიერებასა და დემოკრატიული მოდელის შემუშავებაზე, აზრს უკარგავს ქვეყანაში ყოველგვარ არჩევნებს. აღნიშნულის გამო, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს ვუცხადებთ 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს.
მოვუწოდებთ ყველა რეალურ ოპოზიციურ პარტიას, შეუერთდეს არჩევნების ბოიკოტს, რათა ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, კიდევ ერთხელ შექმნას დემოკრატიული პროცესის იმიტაცია.
ამავდროულად, ინტერპარტიულ ფორმატში განვაგრძობთ ბრძოლას საარჩევნო რეფორმისთვის. ამასთან, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემო“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს პარტიების ლიდერები აწერენ.
ავტორი: ნიუპრესი