პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღვოდა წინ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
კანონპროეტის მიღებას რამდენიმე დღეა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ.
ავტორი: ნიუპრესი