|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ჩქარობს "ოცნება" "პატრიოტებისათვის" დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას?

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი პარლამენტში შესვლას აპირებს. ამის შესახებ მან ღია წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ ქვეყნის მართვა ოპონენტების გარეშე წარმოუდგენელია და ის სწორედ საკანონმდებლო ორგანოდან "ქართული ოცნების" ოპონირებას გეგმავს. 

"პატრიოტთა ალიანსიის" სიის მერვე ნომრისათვის პარლამენტში შესვლა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც პარლამენტი სიის პირველი სამეულისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრის. ამას კი პარლამენტი ხვალვე აპირებს, განსხვავებით ოპოზიციის სხვა წევრების განაცხადისა, რომლებმაც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა "პატრიოტებზე" ადრე მოითხოვეს, თუმცა "ოცნებამ" მათი დაკმაყოფილება თებერვლამდე გადადო. 

ამ ფაქტის თავისებური ახსნა აქვთ "ალიანსში". როგორც პატრიოტების ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისისათვის კარგად ნაცნობმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა, "ოცნებას" პატრიოტები ყელზე დაადგა, ამიტომ ჩქარობს მათ მოშორებას. 

"პარლამენტში უფლებამოსილების შესახებ მიმართა 51-მა დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსის" გარდა. ეს განცხადებები დაიწერა, ჩვენთან შედარებით, გაცილებით ადრე. ჯერ მათ საკითხი უნდა განხილულიყო, ან ერთობლივად განხილულიყო ეს საკითხი. "პატრიოტთა ალიანსი" ყველაზე მეტად დაადგა ყელზე ხელისუფლებას, არ სურს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში, ამიტომაც ასეთი დაჩქარებული წესით მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს იხილავს"- ამბობს გოჩა თევდორაძე. 

სინამდვილეში კი, "ოცნებას" პარლამენტში არშესული პოლიტიკოსების ადგილმონაცვლე დეპუტატების ხილვა ეჩქარება. პატრიოტთა ალიანსს სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად საარჩევნო,  სია რომ გაენულებინა, პარლამენტში შესვლას ამ პარტიის სიის ვერც სხვა წარმომადგენლები შეძლებდნენ.  

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. ოპოზიციური პარტიების საერთო ბოიკოტოს ფონზე  პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს "პატრიოტთა ალიანსის" სიის პირველმა სამმა წევრმა - ირმა ინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ და გიორგი ლომიამ. სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ უკვე ღიად განაცხადა, რომ  პარლამენტში  შედის.  ირმა ინაშვილმა ამ ფაქტის შესახებ "დაიწუწუნა", რომ ენუქიძე მათი პარტიის დამფინანსებელი არის და ის თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია. ასეთივე უფლებას ფლობს კიდევ ერთი ბიზნესმენი ფროდონ ინჯია, რომელის გამორიცხული არ არის, რომ მოკლე ხანში პარლამენტში შესვლის შესახებ განაცხადი მანაც გააკეთოს. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე