პატიმარი, რომელმაც თავის არეში დაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა
პატიმარი, რომელმაც თავის არეში დაზიანება მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა. გურამ სვანიძე მიღებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში იყო გადაყვანილი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 28 წლის პატიმარმა ციხის ბადრაგს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში დაზიანება მიიყენა. შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა. სამსახურის ცნობით, პატიმარი ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს უკნიდან მიეპარა, იარაღი წაართვა და 3-ჯერ ისროლა: ერთხელ უმისამართოდ, მეორედ სამმართველოს თანამშრომლის მიმართულებით, ბოლოს კი თვითდაზიანება მიიყენა.
მომხდარის გამო პენიტენციურის თანამშრომელი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით, 22 აგვისტოს დააკავეს.
რაც შეხება გარდაცვლილი პატიმარს, მას წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და გლდანის ციხეში იხდიდა სასჯელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანიდან 1 დღის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის უკან, გლდანის ციხეში დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
ავტორი: ნიუპრესი