|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის  დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი 28 ოქტომბერს 08:00 საათიდან  გაიხსნება.  

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნაწილი, გადასატანი ყუთის მეშვეობით  მისცემს ხმას.    

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების განთავსების წესის შესრულების მონიტორინგს ამ მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფი ახორციელებს, რომლის შემადგენლობა და უფლებამოსილება ცესკო- თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით არის განსაზღვრული

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს

ავტორი: ნიუპრესი