Pfizer-ის ვაქცინის მოლოდინში დრო არ უნდა დაიკარგოს - თამარ გაბუნია
Pfizer-ის ვაქცინის მოლოდინში დრო არ უნდა დაიკარგოს, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი თქმით, Pfizer-ის გარანტირებული დოზები მობილიზებულია და დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის საკმარისია, თუმცა მასზე არჩევანი გარკვეულ წილად ლიმიტირებული იქნება.
გაბუნიას თქმით, ჩინური წარმოების ვაქცინა Sinopharm-ზე მოთხოვნა ისეთივე მაღალი არ არის, როგორც თავიდან იყო, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოსახლეობა Pfizer-ის ვაქცინას ელოდება.
"დღეს მომართვიანობა სინოფარმზე არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო პირველი პარტია სინოფარმის შემოტანის შემდეგ. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ფაიზერს და ელოდება ფაიზერის შემოსვლას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რეალისტურია მათი მოლოდინი და ეს მოლოდინის პროცესი მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ ფაიზერის ვაქცინაციის ფართო კამპნიაზე.
ფაიზერის გარანტირებული დოზები, რომლებიც ჩვენ გვაქვს უკვე მობილიზებული არის საკმარისი დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის, ამდენად ეს არჩევანი, გარკვეულწილად, ლიმიტირებული იქნება და ჩვენ ძვირფას დროს ვკარგავთ ამ მოლოდინის პროცესში",- თქვა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინა Sinopharm 2 ივლისს შემოვიდა. ამ ეტაპზე ვაქცინაცია "სინოფარმითა" და "სინოვაკით" მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი