პირველი აგვისტოდან თურქეთში ქართველ მძღოლებს დააჯარიმებენ
ქართული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსებს თურქეთის ტერიტორიაზე 1-ლი აგვისტოდან დააჯარიმებენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ჯარიმის ოდენობა 180 ევროა, პლუს 15 დღით ავტოსადგომზე იძულებითი გადაყვანა.
ქართული მხარის თქმით, მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია და კანონის ამოქმედება გარდაუვალია, რადგან ასეთია თურქეთის პოზიცია. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები მოლაპარაკების პროცესში ეკონომიკის სამინისტროს მყისიერად ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ავტომობილები პირველი აგვისტოს შემდეგ დაჯარიმდებიან. მიზეზი, 1992 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ" ხელშეკრულებით -კლასი Mმ1 (მინივენი), კატეგორია „ბე", მგზავრთა რაოდენობა (7+1) ავტომანქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი კომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით. თურქული კანონებით, ამგვარ ტრანსპორტს სპეციალური ნებართვა სჭირდება. ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, ჯარიმა 180 ევრო და 15 დღით მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაა.
პრობლემა რამდენიმე დღეა, გაჩნდა. ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ.
კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს თურქეთში, ფაქტობრივად, აღარ უშვებს. არადა, სწორედ ეს მანქანებია თურქეთის ტერიტორიაზე მომუშავე ქართველებისათვის გადაადგილების საშუალება.
მძღოლებმა აქცია 19 ივლისს გამართეს. საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში აცხადებს, რომ მათი „რესურსი ამ ეტაპზე ამოწურულია და თურქულმა მხარემ რომც მოინდომოს, მაინც ვერაფერს გააკეთებს, საჭიროა ცვლილებები კანონში".
ავტორი: ნიუპრესი