პოლიცია ღამის 2 საათზე დაადგა ვეფხია მესხიას ოჯახს, ქუთაისში - გელა მთივლისშვილი
პოლიცია ღამის 2 საათზე დაადგა ვეფხია მესხიას ოჯახს, ქუთაისში, - ინფორმაციას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს,
ჟურნალისტის ცნობით, ვეფხია მესხიას სახლიდან რეგისტირებული იარაღი ამოიღეს.
როგორც ის განმარტავს, ვეფხია მესხია სათავეში უდგას „საირმელების პროტესტს“
„პოლიცია ღამის 2 საათზე დაადგა ვეფხია მესხიას ოჯახს, ქუთაისში. სახლში ცოლი და მცირეწლოვანი შვილები დახვდნენ. ვეფხია მთაში იყო. ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. სატელეფონო კომუნიკაციის დროს გამომძიებელმა ჩვენს ადვოკატს უთხრა, რომ ვეფხია მესხიას წინააღმდეგ ანონიმურმა პირმა პოლიციაში იჩივლა, თითქოს მესხია მას ემუქრება და იარაღების მდგომარეობა უნდა შეამოწმონ. განა მოპოვება გაუჭირდებოდათ, მაგრამ არც მოსამართლის განჩინება ჰქონდათ, გადაუდებელი აუცილებლობა გვაქვსო. სისხამ დილით ისევ მიდგნენ სახლში, გაჩხრიკეს და მხოლოდ რეგისტრირებული იარაღი ამოიღეს.
ყველგან, სადაც პროტესტია, წინააღმდეგობის ჩახშობას ცდილობენ. ვეფხია სათავეში უდგას საირმელების პროტესტს, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის - გაუქმდეს "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც საირმის ტყე - 13 202 ჰექტარი, ნახევარსაუკუნიანი იჯარით „თეგეტა მოტორსის“ მეპატრონეს, "ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის ყოფილ წევრს, თემურ კოხოძეს გადაეცა, იქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საბაბით.
საირმის ტყეში სხვამ არავინ რომ გაიჭაჭანოს, ძირძველი მოსახლეობის მიმართ, ვინც საირმის მიმდებარე სოფლებში ას წელზე მეტია ცხოვრობს, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, უდანაშაულო ადამიანები პასუხისგებაში მისცეს, მამაპაპისეული და კერძო საკუთრება დაუყადაღეს, დაპატიმრების მუქარით ზოგს დაათმობინეს კიდეც. დიდი ნაწილი დღემდე დავობს. ამ ბრძოლას შეეწირა ზურაბ თოლორდავა. მისი ჯანმრთელობა სწორედ დავის დაწყების შემდეგ გაუარესდა - კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება თავის ქალაქს ემსახურა, ცხოვრების ბოლოს თაღლითად გამოაცხადეს.
საირმელები საპროტესტო აქციებს ყოველ შაბათ-კვირას მართავენ კურორტ საირმეში, კოხოძის სასტუმროს წინ. ალბათ, “ბატონი” შეწუხდა! ამ საქმეზე სასამართლოში დავაც მიმდინარეობს. ეს დავა ცალკე მოსაყოლი ამბავია, თავისი უსამართლობითა და პარადოქსებით.
კოხოძე მხოლოდ საირმის ტყეს არ დასჯერდა. საირმის თავზე, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში 1000 ლარად თითქმის მთელი მთაც წაიღო, ეს მიწაც ნახევარი საუკუნით.
ამ თემებზე ჩვენს ახალ საგამოძიებო ფილმს ნახავთ ბმულზე, რომელსაც კომენტარში დავდებ.
"დრაკონული კანონების" გამო კრიტიკული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი ვართ რთულ მდგომარეობაში, მაგრამ რეჟიმს არ უნდა მივცეთ ადამიანების ჩაგვრის საშუალება დიდი ფეოდალების ინტერესების სასარგებლოდ!
სოლიდარობა ვეფხია მესხიას ვეხო მესხია უნდა ნახოთ, როგორ უყვარს ამ ხალხს იქაურობა, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან!", -წერს მთივლიშვილი
ავტორი: