ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
მედიაჰოლდინგ „კვირას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
შსს -ს ინფორმაციით, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით.
გამოძიებიის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, შპს „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ.
პოლიციამ რ.ა. და გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა.
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი