"პოლიკლინიკას შეეძლო ეს აპარატები მერიის გარეშე, თავისი ხარჯებით შეეძინა"
ქუთაისის მერიის მიერ ქალაქის მეოთხე შერეული პოლიკლინიკისათვის სამედიცინო დანადგარების შეძენას საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატების უარყოფითი შეფასებები მოყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გია უკლებას განცხადებით, პოლიკლინიკას ეს აპარატურა საკუთარი ხარჯებით უნდა შეეძინა.
"მერიას არ გააჩნია პრიორიტეტები. დიდი ეჭვია იმისა, რომ მერია მიკერძოებით აკეთებს აქცენტებს, თუ რა უნდა გააკეთდეს პოლიკლინიკებთან და საერთოდ, ჯანდაცვასთან დაკავშირებით.
პოლიკლინიკას შეეძლო ეს აპარატები თავისი ხარჯებით შეეძინა, მერიის გარეშე. მერია გვპირდება, რომ პოლიკლინიკიდან სანაცვლოდ დივიდენტებს მიიღებს, რაც არის საეჭვო. თუ მომგებიანია პოლიკლინიკა და არსებული შპს, მაშინ მას თავად უნდა შეეძლოს ამ აპარატურის შეძენა", -განაცხადა უკლებამ.
საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა უპასუხა. "ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ ეს პოლიკლინიკა ჯანსაღი კონკურენციის რეჟიმში. ჩვენ დავხარჯავთ 22 ათას ლარს, ხოლო დივიდენტის სახით მივიღებთ 160 ათას ლარს", - განაცხადა მამუკა რიჟამაძემ.
მერიამ შპს მეოთხე პოლიკლინიკისათვის აპარატურის შესაძენად 16 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. საკრებულომ კი ამ ქონების შპს-სთვის გადაცემის საკითხს უყარა კენჭი. როგორც ირკვევა, აპარატურის შეძება სამ ეტაპად არის დაგეგმილი და სავარაუდოდ, ამ საკითხზე ტენდერი ისევ გამოცხადდება.
შეგახსენებთ, შპს მეოთხე პოლიკლინიკის აქციების 100 %-ის მფლობელი ქალაქის მერიაა. რამდენიმე თვის წინ პოლიკლინიკის ხელმძღვანელად ნინო ჩალაძე დაინიშნა, რომელიც მხარის გუბერნატორის მოადგილის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლეა.
ავტორი: ირინა მაკარიძე