სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში კვიპაროსი დარგო
საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონში ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აგრძელებს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ქუთაისს სტუმრობს. დილით ის გელათის სამონასტრო კომპლექსი იმყოფებოდა, შემდეგ კი ქუთაისის ბოტანუკურ ბაღში მივიდა, სადაც მას ბაღის ისტორია და მისი ღირსშესანიშნაობები გააცნეს. სალომე ზურაბიშვილმა სიმბოლურად ბაღში მარადმწვანე კვიპაროსი დარგო.
პრეზიდენტს ქუთაისში მასპინძლობას ქალაქის ვიცე-მერები, მაჟორიტარი დეპუტატები, სამხარეო ადმინისტრაციის და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები უწევენ.
პრეზიდენტი დღის განმავლობაში რამდენიმე ობიექტს მოინახულებს, გაეცნობა ქართულ- პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს, დღის ბოლოს კი წერეთლის უნივერსიტეტში შემაჯამებელი სიტყვით გამოვა.
სალომე ზურაბიშვილს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია, პრეზიდენტიის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, რეგიონებში მისი სტუმრობის მიზანი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და მისი განვითარების მხარდაჭერაა.
ავტორი: ნიუპრესი