პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა
ადვოკატ ლევან ჭელიძეს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით) და 151¹ მუხლის პირველი ნაწილით ( ადევნება - ელექტრონული საშუალებით სისტემატურად არასასურველი კომუნიკაცია რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.
ავტორი: