პროტესტი ქართულად
მშვიდობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა- ეს ის შეუცვლელი ღირებულებებია, რომლებითაც დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს უდიდესი ნაწილი ამაყობს და რომელთა ხელყოფას თანამედროვე, დამოუკიდებელ და თავისუფალ ცხოვრებაზე შეყვარებული მოქალაქე არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. შესაბამისად, ასეთი საზოგადოების წევრი ყოველთვის მზად არის დაუფარავად, ხმამაღლა და მთელი სიმძაფრით გამოხატოს პროტესტი ამა თუ იმ მისთვის მნიშვნელოვან თემაზე. გამოხატვის თავისუფლება კი ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში კონსტიტუციითაა დაცული.
საქართველოში პროტესტის თითქმის ყველა ფორმა გვინახავს, თუმცა ბოლო 20 წელია კარვების, მიტინგებისა და ,,წადი“ (,,გადადექი“)-ს სკანდირების გარდა -არაფერი. ყველაზე დასამახსოვრებელი, მასშტაბური, შინაარსითა და ფორმით გამორჩეული 1989 წლის 9 აპრილის ღამით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია გახლდათ, რომელიც რუსული სამხედროების შემოჭრით, 21 ადამიანის დაღუპვითა და ასობით დემონსტრანტის დაჭრითა და დასახიჩრებით დასრულდა.
მასშტაბურობით არ ჩამოუვარდებოდა 2003 წლის ,,ვარდების რევოლუცია“, რასაც ხელისუფლების შეცვლა და რეფორმათა დიდი ტალღა მოჰყვა. 4 წლის შემდეგ კი ამავე ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით 2007 წლის მაისში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო, აქცია კი მონაწილეთა ხელკეტებით, ცრემლსადენი აირის, წყლის ჭავლების, აკუსტიკური თოფებისა და ტელეკომპანია ,,იმედში“ სპეცრაზმის შეჭრით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.
1 წელიწადში კი ყველაზე მძიმე დღეების-აგვისტოს ომის გადატანა მოგვიხდა, რასაც მოჰყვა 12 აგვისტოს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული მიტინგი.
2009 წელს თბილისში ოპოზიციურმა ძალებმა კიდევ ერთხელ ,,გაილაშქრეს“ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც უწყვეტად მიმდინარე მიტინგებითა და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, საკნების დადგმით გაგრძელდა, ჩაიკეტა მოძრაობაც, თუმცა თავდაპირველი მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს.
შემდეგი მასშტაბური აქცია, კვლავ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 2011 წლის ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა. 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები მომიტინგეთა დარბევითა და 2 ადამიანის დაღუპვით დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არაერთხელ დაირღვა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ასევე გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ოპოზიციასა და პოზიციას ამ მოსაზრებასთან დაკავშრებით განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.
2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული მშვიდობიანი აქცია ძალადობის გზით დაარბიეს კონტრდემონსტრანტებმა. შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 3 მუხლი. განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება კი სახელმწიფოს დაეკისრა.
მართალია, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მრავალი აქცია ახსოვს ქართველ ხალხს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ წელს პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარება.
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2013 წლის 17 მაისსაც გაიმართა მშვიდობიანი აქცია, რომელსაც საკმაოდ არამშვიდობიანი დასასრული ჰქონდა. ათობით ათასმა ადამიანმა, მათ შორის სასულიერო პირებმა იგი ძალადობრივად ჩაშალეს.
პირველი ყველაზე მასშტაბური გამოსვლა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან 2014 წლის 2 ივნისს მოეწყო.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პროტესტის კულტურა ჯერ კიდევ ვერ ჩამოიყალიბა ქართულმა საზოგადოებამ. უმეტესად, საზოგადოების ჯგუფები ვერ თანხმდებიან კონკრეტულ მიზნებზე და შეუთანხმებლად მოქმედებენ, რაც შემდგომში უკმაყოფილებას იწვევს. ამას ემატება რადიკალურად განწყობილი ჯგუფების გამოღვიძება/მობილიზება და პოლიციის ჩარევის გარეშე რეალური სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე ვდგებით. ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე დღის წინ.
მასშტაბურ პროტესტზე როცა ვსაუბრობთ, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ 2 თვის წინ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებულ აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მას შეუერთდნენ კაფე-ბარები, კინო-თეატრები, გადაიდო საფეხბურთო მატჩი და აქცია საბოლოო ჯამში შედგა.
საერთო მიზნით ახალგაზრდები ყველაზე მასშტაბურად 2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდებამ გააერთიანა. უზარმაზარმა ზარალმა მეტწილად ახალგაზრდების მხრებზე გადაიარა და რამდენიმე დღიანმა შიშველი ხელებით დაუღალავმა შრომამ თბილისი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნა.
ბოლო რამდენიმე დღეა თბილისის ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრასთან ერთად, რუსთაველის მოედანზე მოწყობილი საპროტესტო გამოსვლები გახდა საყოველთაო განხილვის საგანი. პროტესტის მთავარ მიზეზად სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ძალის არაპროპორციულობა დასახელდა, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილისგან ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და ლიბერალიზაციის მოთხოვნები გაჟღერდა.
დღევანდელ სამყაროში საზოგადოების დარაზმვა და კონკრეტული იდეის ირგვლივ გაერთიანება საკმაოდ გამარტივდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. რამდენიმე წუთში შესაძლებელი ხდება უზარმაზარი მასშტაბების აქციათა გამართვა.
ყველაზე დიდი პროტესტი და ვნებათა ღელვა ბოლო ათეული წლის განმავლობაში ავღანეთის ომის წინააღმდეგ მოეწყო. 3 წლიანმა დაუღალავმა ბრძოლამ მშვიდობის მოსურვე ხალხისა, სამწუხაროდ, უშედეგოდ ჩაიარა და ომი მაინც მოხდა. უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და დღესაც რეგიონში რთული მდგომარეობა ნარჩუნდება.
პროტესტის გამოხატვის კრეატიულობით გამოირჩევა ინდოეთი, როცა ხალხმა გზის სავალ ნაწილზე დაწოლით ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვია, რაც შემდგომში დანარჩენ სამყაროშიც გავრცელდა.
კრეატიული პროტესტის ფორმას მიაგნეს პოლონელებმა 80-იან წლებში, როცა კომუნისტი ლიდერების სატელევიზიო გამოსვლების დროს ხალხი ტელევიზორებს ფანჯარასთან დებდა, ეკრანით ქუჩის მხარეს.
ალბათ ყველაზე მძიმე და ამავდროულად საოცარი პროტესტი გამოხატეს ნორვეგიელებმა ანდერს ბრეივიკის მიმართ. შეკრებილმა 40 ათასმა ადამიანმა იმღერა საბავშვო სიმღერა ,,Children of the Rainbow”, როგორც ამბობენ, აღნიშნული სიმღერა ბრეივიკის განსაკუთრებულად აღიზიანებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მასშტაბური პროტესტის ფორმა-ცეკვა, კონსერვატორულმა ჯგუფებმა დაგმეს, მას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზღვრებს გარეთ. პროტესტის გამოხატვის კრეატიულობაში ქართველებს გვჯობნის სხვა ქვეყნები თუ არა, ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ რეალური პრობლემებისა და უსამართლობის მიმართ მგრძნობიარეა ქართველი ხალხი და ნაწილი მაინც ცდილობს სირაქლემას პოზიციიდან გამოსვლას. შეიძლება თავისებურად, თუმცა ქართველებს სამშობლო უყვართ. გონიერი ადამიანისთვის კი თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა. როგორც ოთარ ჭილაძე წერს-,,სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს.“
ავტორი: ქრისტინე ჯაფარიძე