ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი სამსახურიდან გაუშვეს
ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა კომპანიამ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ (CMC), რომლის წარმოების განახლების პროცესსაც მიხეილ სოცკი ხელმძღვანელობს, პროტესტის მონაწილე თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა.
კომპანიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აცნობა „რეორგანიზაციის პროცესის შუალედური შეფასების“ შედეგად მიღებული ახალი გადაწყვეტილება. ანალოგიური მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაეგზავნათ კომპანიის თანამშრომლებსაც.
კომპანია აცხადებს, რომ „მათთვის, ვინც რეორგანიზაციის შედეგად ჩვენთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა, უახლოეს 2-3 კვირაში“ დაიწყებს მარტისა და აპრილის სახელფასო დავალიანების „ეტაპობრივ ანაზღაურებას“.
სავარაუდოდ, საუბარია თანამშრომელთა იმ ნაწილზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს კომპანიის დარიგებულ ხელშეკრულებებს; მათი რაოდენობა უცნობია;
კომპანია არ წერს დავალიანების მოცულობას და არც იმას, რამდენ ხანს გაგრძელდება „ეტაპობრივი ანაზღაურება“.
„რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, ისინი განიხილებიან როგორც საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლები“, - აცხადებს CMC.
კომპანია წერს, რომ მათ აუნაზღაურებს „ერთთვიან კომპენსაციას“ და „2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხულ სახელფასო თანხას“.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები გაჩერებას არ აპირებენ. ისინი სხვა მაღაროელებსაც მოუწოდებენ შეწყვიტონ სამუშაო პროცესი და მათთან ერთად მოითხოვონ დაკავებული მაღაროელების გათავისუფლება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
ავტორი: