ქალ ამომრჩეველთა და ქალ დეპუტატთა დისკუსია
ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ბათუმის გენდერის მედიაცენტრმა ამომრჩეველ და ქალ კანდიდატებთან დისკუსია გამართა. ბათუმის მედიაცენტრის დირექტორმა თამილა დოლიძემ მათ "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" მიერ ქალთა საჭიროებების თაობაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამომრჩეველი ქალის როლზე ესაუბრა.
კანდიდატების განცხადებით, კვლევა კარგი დოკუმენტია მათთვის, რათა საკრებულოში არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინონ და გაუკეთონ ინიცირება ბიუჯეტის შედგენისას იმ საკითხებს, რაც ქალებს სჭირდებათ.
„ძალიან კარგია, ამომრჩეველი ქალების გააქტიურებაზე რომ მუშაობთ. 500 ათას დაკარგული ამომრჩეველი ქალის არჩევნებზე მოსვლა უდიდესი საქმეა,“ - განაცხადა
ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა ია კიწმარიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამომრჩეველი ქალები, ერთ-ერთი მათგანის დარეჯან ფაღავას თქმით: „ქობულეთში მცხოვრებ ბოშათა პრობლემებზე საუბარი ამ მასშტაბით არავის უცდია. მათ თუ ჩაუტარდებათ სხვადასხვა სახის ტრენინგები და ჩაერთვებიან აქტივობებში ძალიან კარგი იქნება. განსაკუთრებული პრობლემა ბოშა გოგონების დასაქმებაა, ქობულეთელი ბოშა ქალებიდან მხოლოდ ერთადერთი ქალია დასაქმებული საჯარო სექტორში.“
მარინა ბერიძის განცხადებით კი, აუცილებლად უნდა დაფინანსდეს ქალებისთვის მცირე საწარმოები. და, პირველ რიგში, უნდა ამოქმედდეს პროგრამები, რომელიც ასწავლის ქალებს პროექტების წერას.
ბათუმის მერის მრჩეველის გენდერული თანასწორობის საკითხებში ნატალია სოსიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, განსაკუთრებით, ბიუჯეტის დაგეგმარებაში და მასში ქალთა საჭიროებების გათვალისწინებაში. „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი მეგი ზოიძე თვლის, რომ „ქალები უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ, ისწავლონ როგორ წარადგინონ ინიციატივები და წინადადებები წარმომადგენლობით ორგანოებში“.
„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ რეგიონში, განსაკუთრებით მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს მოხუცებისთვის სადღეღამისო ცენტრი, ასევე, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მოზარდებისთვის გაიხსნას დღის ცენტრები .
მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ადაპტირებული სამარშრუტო ავტობუსები. ქალაქში, შეიძლება, ამ მხრივ საქმე უკეთაა, თუმცა, ამ მიმართულებით სოფლებში პრობლემებია. რად გვინდა ადაპტირებული საარჩევნო უბანი, თუ იქამდე ვერ მიდიან შშმ ქალები,“ - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გურანდა დოლიძემ.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
ავტორი: ნიუპრესი