"ქალების უმეტესობა ვცხოვრობთ ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გასვლას გვიკრძალავენ"
"გასვლა აკრძალულია"- ამ სახელწოდების აქცია - გამოფენა გაიმართა ქუთაისში, გამოფენა "ვარლაში". მხატვარ ლია უკლებას განცხადებით, გამოფენა ეძღვნებათ მუშა ქალებს.
"ეძღვნება მუშა ქალებს, რომლებიც საწარმოებში მუშაობენ და ასევე ოჯახებშიც მუშაობენ და არიან ძალიან დატვირთულები, პრაქტიკულად არ რჩებათ დრო საკუთარი თავისთვის. გამოფენას ქვია- გასვლა აკრძალულია და ამით მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ ქალების უმეტესობა ვცხოვრობთ ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გასვლას გვიკრძალავენ",-განაცხადა ლია უკლებამ.
მისი თქმით, ქალზე ძალადობენ ინსტიტუციები, სახელმწიფო, რელიგია, თუ პატრიარქალური კულტურა - მაგრამ ჩვენ ვცდილობთ აქედან გავიდეთ -აცხადებს ის.
ფილოსოფისი ტარიელ დათიაშვილი ადასტურებს, რომ მართალია, სოციალური ფონი ქალებსა და მამაკაცებზე ერთნაირად ძალადობს, მაგრამ, მისი აზრით, ამ სიდუხჭირეს ემატება ის, რომ გაღიზიანებული კაცის რისხვა ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალებზე ტყდება. "უამრავი შემთხვევაა მსგავსი, როდესაც კაცი თავისი წარუმატებლობისადმი პროტესტს ქალზე ძალადობით გამოხატავს",-აღნიშნა მან.
დათიაშვილის თქმით, ხელოვნებას აქვს ის მახვილი თვალი, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემის ჩვენება და მისი განსჯის საგნად ქცევა.
გამოფენას გასდევდა ქალთა შრომის შესახებ ეკა კუხალაშვილის მიერ გადაღებული ფილმი.
გამოფენა ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდამჭერით შედგა.
ავტორი: ირინა მაკარიძე