”პოლიტიკაში ქალების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია"
პროექტ ”ხმა მიეცი თანასწორობას” ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლების შესახებ საზოგადოების, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათი მოსაზრებების გაზიარებას.
ამჯერად შეხვედრა ”ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის” წარმომადგენლებთან, ნინო დარსაველიძესთან და თემურ ცამციშვილთან მოეწყო.
ნინო დარსაველიძის განცხადებით, პოლიტიკაში ქალების მონაწილეობით უფრო მეტი პოზიტივი იქნება.
”კვოტირების თაობაზე არ არის ერთიანი დამოკიდებულება, ნაწილი ემხრობა მას, ნაწილი არა. ვფიქრობ, პოლიტიკაში ქალების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, მათ შორის ქალბატონებისათვის ”,-აღნიშნა დარსაველიძემ.
”ამ შეხვედრების ინიციატივა მოდის "ჟურნალისთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის", რომლის მიზანი არის ქალთა პოლიტიკური გააქტიურება. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწვეული იყო ჩვენს შეხვედრებზე დადებითად აფასებს კვოტირებას”,-აღნიშნა გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთი ბერძენიშვილმა.
შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მედიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორი "გენდერის მედიაცენტრია". პროექტი ხორციელდება საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი