|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალის გზა ციხიდან საზოგადოებამდე

-შეიძლება, დავჯდე? - მეკითხება, ასე 50-55 წლის ქალი ავტობუსში. კითხვა უცნაურად მეჩვენა და დაბნეულმა, კითხვითვე ვუპასუხე:

- კი, აბა რა, რატომ მეკითხებით?! - პასუხს არც ველოდი და ისევ განვაგრძე ფანჯრიდან ყურება. ქალი ჩემ გვერდით დაჯდა და მომიყვა, როგორ ეჩხუბა დილით ერთ ქალს, რომელსაც უთქვამს, ტრანსპორტში თქვენნაირი ბინძურები არ უნდა ამოდიოდნენო.

- რა ვქნა, ფეხით ხომ ვერ ვივლი?! მაგრამ ისიც მართალი იყო, არ უნდა ბინძური ადამიანის გვერდით არც ჯდომა, არც დგომა. მეც, კიდევ, სულ უპატრონო არ ვყოფილვარ, შენხელა ორი შვილი მყავს, მაგრამ არც იმათ არა სჭირდებათ ჩემნაირი დედაო, - მითხრა.

წლების წინ, ოქროს ბირჟაზე ვაჭრობდა, ოქრო უკანონოდ გადმოჰქონდა და საზღვარზე დაუჭერიათ. ქმარს ბავშვები სოფელში გაუგზავნია, თავის მშობლებთან, ცოლის არსებობა კი, დაუვიწყებია. სასამართლომ 7 წლამდე პატიმრობა შეუფარდა, აქედან 5 წელი ციხეში მოიხადა და შემდეგ, დროზე ადრე გაათავისუფლეს. 10 წელია, ქუჩაში ცხოვრობს. პატიმრობისას მხოლოდ ორი ამანათი მიიღო, ორივე დედისგან, მაგრამ დედამაც მალე დაივიწყა. ჩემი ძმა და ძმისცოლი აღარ უშვებდნენო, - ასე ფიქრობდა. უპატრონობისთვის ვყოფილვარ განწირულიო, - რამდენჯერმე გაიმეორა. ვკითხე, ციხიდან რომ გამოხვედით, შვილები და დედა არ ნახეთ-მეთქი? - არაო:

-თავიდან ვფიქრობდი, სამუშაოს ვიშოვი, სოფელში ჩავალ, ბავშვებს კანფეტებს და ტანსაცმელს ჩავუტან და ჩემთან წამოვიყვან-მეთქი. სამსახურის ძებნაში და ფულის შოვნაში, წლები გავიდა. მერე, გავიგე, სოფელში ჭორაობა დაუწყიათ, ციხიდან გამოვიდა და გაბოზდაო. მირჩევნია, სულ არ მნახონ გოგოებმა ასეთიო, - თქვა და უაზროდ დაიწყო სიცილი. ალბათ, ცრემლებს, ისევ, სიცილი ამჯობინა. ვეღარაფერი ვუთხარი.

ამ ქალმა,  თავისი ცხოვრება 15 წუთში ჩაატია და შემდეგ, მოსკოვის გამზირზე, მიუსაფართა თავშესაფართან, ხმაამოუღებლად, ჩავიდა.

ვინ არიან ქალი  პატიმრები? - ამ სათაურით, 2013 წელს „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ საქართველოს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველოში პატიმარ ქალთა დაახლოებით ერთი მესამედი ნაწილი დაქორწინებულია. ქალების 4% პარტნიორთან ერთად ცხოვრობს, 28% განქორწინებული ან დაშორებულია. ქვრივი ქალების რაოდენობა  21%-ს შეადგენს, ხოლო ქალთა 11% დაუოჯახებელია. გამოკითხვიდან ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიაში, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში, ქალების უმრავლესობას- 78%-ს, ჰყავს შვილი/შვილები. საქართველოში კი, 586 ისეთი ბავშვია, რომელთა დედებიც პატიმრობაში იმყოფებიან.

ქალები დამნაშავეთა იმ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთა საჭიროებები, როგორც სასჯელის შეფარდებამდე, ასევე შეფარდებისა და ვადის დასრულების შემდეგ უნდა იქნეს გათვალისწინებული. „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ დირექტორი, ცირა ჭანტურია ამბობს, რომ საქართველოში, ამ საჭიროებებსა და ქალის სოციალურ როლს სასამართლო თითქმის არასდროს ითვალისწინებს:

-„ქალის სოციალური როლი, ეს ერთ-ერთი პრობლემური საკითხია და საერთაშორისო სტანდარტები, კერძოდ, ბანგკოკის წესები (გაეროს სტანდარტული წესები პატიმარ ქალთა მოპყრობასა და არასაპატიმრო სასჯელების შესახებ) პირდაპირ ამბობს, რომ ქალის სოციალური როლების გათვალისწინება აუცილებელია როგორც დაპატიმრებისას, ისე გათავისუფლებისას და სასჯელის მოხდის პირობებშიც, მაგრამ ამის გათვალისწინება, საქართველოში, არც სასჯელის შეფარდების ეტაპზე ხდება. ძალიან ბევრი მაგალითია ჩვენს ციხეებში, მრავალშვილიანი პატიმარი დედისა, რომლებიც  ორსულადაც კი ყოფილან, მაგრამ სასჯელის შეფარდებისას, ამ ყველაფრის გათვალისწინება არ მომხდარა და არც შემდგომ, როდესაც მათი ვადამდე გათავისუფლების საკითხი დგება დღის წესრიგში. მაგალითად, ამჟამად, ჩვენ გვყავს ბენეფიციარი, რომელიც მეუღლის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, ვიცით, რომ იგი მანამდე იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი, ჰყავს ხუთი შვილი, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინება სასჯელის შეფარდებისას არ მომხდარა“.

თამუნა (სახელი შეცვლილია) სასჯელს მარიჰუანას შენახვა-რეალიზაციისთვის იხდიდა. დანაშაულს დაჭერიდან 10 თვის მანძილზე არ აღიარებდა, რის გამოც, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გარდა იმისა, რომ მარტოხელა დედაა, მის უფროს შვილს ცერემბრალური დამბლა აქვს, რაც მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. სასამართლოს განაჩენის გამოტანისას ეს გარემოებები არ გაუთვალისწინებია. თუმცა, ციხიდან, დროზე ადრე გაათავისუფლეს. ციხე ორი თვის წინ საპატიმრო ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე დატოვა:

-„ყველაზე მნიშვნელოვანი ის შეგრძნებაა, რომ მარტო არ ხარ. პირველი 9 თვე ფეხზე ვერ  ვდგებოდი, შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. გარეთ, ორი მოზარდი ბიჭი დავტოვე, რომლებიც კარგად აცნობიერებდნენ ჩემს მდგომარეობას და არ ვიცოდი, როგორ შეხვდებოდნენ ამ ამბავს. ოჯახის წევრებთანაც არ მქონდა ურთიერთობა. პირველი, რაც თავში მომდიოდა, თვითმკვლელობა იყო. ჩემი დაჭერით ოჯახმა იმხელა ტკივილი მიიღო, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი. ციხეშიც ხვდებოდნენ, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვიყავი, სულ ვტიროდი და მძიმედ ვგრძნობდი თავს. ერთადერთი, რითიც ვხვდებოდი, რომ ოჯახი გვერდით მედგა, იყო ის, რომ ადვოკატი ამიყვანეს და მიგზავნიდნენ ამანათებს, მაგრამ რას ფიქრობდნენ ჩემზე, არ ვიცოდი“, - ასე აღწერს თამუნა პატიმრობის პირველ წელს.

როცა ვკითხე, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რა არის პატიმარი ქალებისთვის-მეთქი, მიპასუხა, რომ ციხეში ქალების ნახევარი მიტოვებული პატიმარია:

-„მე ფეხზე იმიტომ წამოვდექი, რომ ვიცოდი, გვერდით ოჯახი მედგა. ვიცოდი და იქ ყოფნა მაინც ძალიან მიჭირდა. გარეთ გამოსვლაც ოჯახის გამო მინდოდა. ქალების ნახევარს კი, ეს მიზანი და იმედიც კი არ აქვს. მათ არავინ ნახულობს, ამანათებს არავინ უგზავნის, არავინ ეხმარება. გარეთ გამოსვლაც არ უნდათ. სად უნდა იცხოვრონ, არ იციან. ჩემთან ერთად, ერთი ქალი გამოვიდა, წასასვლელი არსად ჰქონდა და დროებით, მონასტერში წავიდა, მერე რა ბედია ეწია, არ ვიცი, აღარ შემხმიანებია. ძალიან ძნელია, კარგავ ყველაფერს, რაც მანამდე გაგაჩნდა და ამ ყველაფერთან ერთად, აღარავის აინტერესებ“, - ამბობს თამუნა.

ცირა ჭანტურია გათავისუფლებული ქალების მიმართ საზოგადოების მხრიდან სპეციფიკურ სტიგმაზე საუბრობს:

-„ჩვენი საზოგადოება პატრიარქალურია და ქალის მიმართ ნაკლებ-ტოლერანტულია, ვიდრე მამაკაცის მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩადენას ეხება საქმე. საზოგადოება თითქოს, მამაკაცს უფრო ადვილად პატიობს დანაშაულს, ვიდრე-ქალს. როდესაც მამაკაცს აპატიმრებენ, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახი მის გვერდითაა, აკითხავს მას, ეხმარება და ელოდება. ქალი პატიმრები კი, განსაკუთრებული სტიგმის ქვეშ ექცევიან, - ოჯახს მათი სრცხვენია და უნაწყენდება. იცვლება საზოგადოების დამოკიდებულებაც. ოჯახი მამაკაცს უფრო დიდი თანადგომით ხვდება, ვიდრე ქალს და ხშირ შემთხვევაში, სრულიად წყვეტს ოჯახი ქალთან ურთიერთობას. ხოლო, როცა ქალს ოჯახი ივიწყებს, საზოგადოებაც უფრო მარტივად რიყავს“, - ამბობს „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ დირექტორი.

ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში პატიმარ ქალთა 46% აცხადებს, რომ ღარიბი, ან ძალიან ღარიბია. ქალების 13% განაცხადა, რომ მათი შვილები ქუჩაში დარჩნენ, ხოლო 3%-მა პროცენტმა, აღნიშნა, რომ ბავშვები წაართვეს. საქართველოში პატიმარ ქალთა 34%-მა დაკარგა სამუშაო ადგილი, ხოლო 36%-მა საცხოვრებელი.  ბავშვზე ზრუნვასა და ოჯახის გაერთიანებაში დახმარება სურს პატიმართა 49%-ს, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფაში დახმარება - 43%-ს. - როგორც კვლევიდან ჩანს, საცხოვრებელი ადგილი ქალების დიდი ნაწილისათვის წარმოადგენს აუცილებლობას. სახელმწიფოს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ეს სერვისი არ შედის.

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პრობაციონერებს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში ეხმარება, 2012 წლიდან მოქმედებს. თამუნას თქმით, ციხიდან გამოსვლის დღეს, ბუკლეტი მისცეს, საიდანაც ამ პროგრამის შესახებ შეიტყო. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამა 2012 წლიდან დღემდე 91 ქალმა გაიარა. თამუნა, ამჯერად, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის საშუალებით იურისტის კონსულტაციით სარგებლობს. იმედი ჰქონდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისებით ისარგებლებდა, მაგრამ სახელმწიფო პროგრამაში არც ჯანდაცვის სერვისით მომსახურება შედის. არადა, როგორც კვლევებიდან ჩანს, ჯანდაცვისა და კონსულტაციების სერვისით სარგებლობას, პრიორიტეტულად უმრავლესობა მიიჩნევს, რაც პატიმარ ქალთა 54%-ია.

ჯანმრთელობის პრობლემა თამუნასაც აწუხებს: - „ჯანდაცვის პროგრამებით ვერ ვსარგებლობ. არადა, ეს პრობლემები ციხის პირობებში შემექმნა. საშვილოსნოში სიმსივნური სხეულები მაქვს, რასაც სისტემატური მეთვალყურეობა სჭირდება. ქალი პატიმრების უმრავლესობასაც, მსგავსი პრობლემები აქვთ. საშვილოსნოსა და წელის ტკივილები. ოსტეოხონდროზის ტკივილებიც აუტანელია. იუსტიციის სახლში ჯანდაცვის სერვისის მისაღებად მივედი, სქრინინგი მაისის თვეში მიწევდა, მაგრამ უარი მითხრეს. მე კი, ჯერ, საამისოდ, თანხა ვერ გამოვნახე. ან, საიდან უნდა გამომენახა? ახლობლებთანაც არ მაქვს ურთიერთობა. არავის არ ვამტყუნებ, მახსოვს, სანამ დამიჭერდნენ, მე როგორი თვალით ვუყურებდი დამნაშავე ქალებს, ასეთივე თვალით მიყურებს ახლა ხალხი მეც“, - ამბობს თამუნა.

 

სტიგმა საზოგადოების მხრიდან, - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც ყოფილი პატიმარი ქალები ციხიდან გამოსვლის შემდეგ აწყდებიან. ცირა ჭანტურია სტიგმის დასაძლევად საზოგადოების ინფორმირებულობას მიიჩნევს: - „დღეს, სტიგმის დაძლევაში დიდი როლი ეკისრება მედიასაშუალებებს. მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციისა და არსებული პრობლემების გავრცელება, რომ საზოგადოებაში მოხდეს მენტალური ცვლილება და გავხდეთ უფრო ტოლერანტულები ქალი პატიმრების მიმართ. სოლიდარობა მათი პრობლემების მიმართ, დაეხმარება მათ, რომ რესოციალიზაცია ადვილად განიცადონ და დანაშაული ხელმეორედ აღარ ჩაიდინონ.

როგორც თამუნა ყვება, საზოგადოებისგან სტიგმის თავიდან ასაცილებლად, ქალთა უმრავლესობას ტყუილის თქმა უწევს:

-„ციხეში რომ შევედი, ბევრი ჩემი ნაცნობი ქალი დამხვდა, რომლებიც ზოგი იტალიაში, ზოგი საფრანგეთში, ზოგიც ამერიკაში მეგონა. ეს ქალები იტყუებოდნენ იმიტომ, რომ საკუთარი თავიცა და ოჯახის წევრებიც დაეცვათ ხალხის ჭორებისაგან. ჩემს პატარა დისშვილებს, მეც ვატყუებდი, ვითომ იტალიაში ვიყავი. სანახავად რომ მოჰყავდათ, ეუბნებოდნენ, ვითომ, საზღვარზე გადმოდიოდნენ. ხატწერის კურსებზე რომ ხატებს ვწერდი და ვუგზავნიდი, ვითომ, იტალიიდან ვატანდი ნათესავებს. პატიმარ ქალებს ტყუილის გარდა, თავის დასაცავად, სხვა გზა არ რჩება, რა ქნან, გარეთ, თითქოს, მათი ცუდად ყოფნით გახარებული ხალხი ხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ბოლომდე მედგა და მიდგას გვერდით, უნდობლობის განცდა მაქვს ყველა ადამიანის მიმართ, მეჩვენება, რომ გულწრფელები არ არიან ჩემს მიმართ. ძველი ნაცნობები არ მეხმიანებიან, ახლების გაჩენის სურვილი მაქვს, მაგრამ მეშინია. სამუშაოც ვერ ვიშოვე, რომ კონტაქტი მქონდეს ადამიანებთან. ჩემი პროფესიით, ფარმაცევტად მუშაობა აკრძალული მაქვს, იმ მუხლის გამო, რომლითაც გამასამართლეს. საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სამსახურშიც მეკრძალება მუშაობა. ჯერ კი, ძალიან მიჭირს, მაგრამ რაც მთავარია, მარტო არ ვარ, მხარში ოჯახი და შვილები მიდგანან“, - ამბობს თამუნა.

თავშესაფრისა და ჯანდაცვის არ არსებობა, სტიგმა, ქალის სოციალური როლების გაუთვალისწინებლობა, - ეს ის კომპლექსური პრობლემებია, რომელთა გადალახვაც ქალ პატიმრებს ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთასთან ერთად უწევთ. უკეთეს შემთხვევაში, ანუ მაშინ, როცა  მათ გვერდით ოჯახი დგას, იმ გზას გაივლიან, რაც თამუნამ გაიარა, უარეს შემთხვევაში კი, - თავშესაფრის გარეშე დარჩენილებს, წლობით ქუჩაში ცხოვრება უწევთ და თუკი, ტრანსპორტში, თქვენს გვერდითაც დაჯდება ქალი, რომელიც მოუვლელად გამოიყურება და მიუსაფართა თავშესაფარში ცხოვრობს (როგორც ის, ჩემი სტატიის პირველი გმირი), სანამ ავტობუსიდან ჩასვლას მოვთხოვთ, გავიხსენოთ, რომ მისი მდგომარეობა, ჩვენი პასუხისმგებლობაა.

 

 

 

 

ავტორი: თამარ კურატიშვილი