რა ეშველებათ იპოთეკით დაზარალებულებს?
„პროკურატურამ იპოთეკარები დააკავა“, „პარლამენტთან იპოთეკარები აქციას მართავენ“, „იპოთეკარები რევოლუციით იმუქრებიან“, იპოთეკარები პერმანენტული აქციებისთვის ემზადებიან“, - ამ სათაურებით ქართულ მედია სივრცეში ხშირად წაიკითხავთ და მოისმენთ ამბებს.
პრობლემა მასშტაბურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ წლებია, არ მოგვარებულა, არამედ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
რატომ ვერ მოგვარდა დღემდე ეს პრობლემა? საიდან წარმოიშვა და როგორ მოხდა, რომ ადამიანები აღმოჩნდენ ძალიან ცუდ დღეში, ისე რომ საკუთარი სახლებს კარგავენ? რა ეშველებათ იპოთეკით დაზარალებულებს? რას აკეთებს სახელმწიფო? ამ კითხვებზე პასუხების ძიება „ნიუპრესი“ სცადა.
იპოთეკა, იპოთეკური სესხი ბერძნული სიტყვაა და სესხს უძრავი ქონების თავდებით ნიშნავს. ტერმინი „იპოთეკა“ პირველად საბერძნეთში გაჩნდა ჩვ. წ. VI ს.-ში. ბერძნები ასე აღნიშნავდნენ მოვალის პასუხისმგებლობას კრედიტორის წინაშე საკუთარი მიწით. მსესხებლის მიწის ნაკვეთის საზღვარზე სვამდენ ბოძს წარწერით, რომელიც აღნიშნავდა, რომ ეს მიწა სესხს უზრუნველყოფდა. სწორედ ეს ბოძი იწოდებოდა „იპოთეკად“, რომელიც ძველი ბერძნულიდან ნიშნავს „მისადგმელს“.
იპოთეკური სესხი, როგორც წესი, გაიცემა ბანკის მიერ, თუმცა კრედიტორი შეიძლება გახდეს ასევე ნებისმიერი სხვა სამართლებრივი პირი. იპოთეკური კრედიტის ამღები საკუთარ ვალდებულებას კრედიტის დაფარვაზე მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავდებად ჩადებით უზრუნველყოფს.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე, რომელიც იპოთეკით დაზარალებულების პრობლემებზე მუშაობს და ხშირად მართავს აქციებს მათთან ერთად, ამბობს, რომ ადამიანებს, ძირითადად, ბანკებში, ან კერძო მევახშეებთან აქვთ პრობლემა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილმა საბანკო-საფინანსო პოლიტიკამ საფინანსო ტერორში მოაქცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი ქონება დაკარგა და ზოგს დაკარგვა ემუქრება.
„ახალმა ხელისუფლებამ არჩევნებამდე გასცა პირობა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ქობულეთიდან დაიწყებდა, რადგან ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური იქ იყო.
ეს პრობლემები წარმოიქმნა იმ პერიოდიდან, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა ციხეში. ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ გამოიტანა ხელისუფლებამ გამამტყუნებელი განაჩენი, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა, უძრავი ქონება ჩაედო, რათა თავისუფლების აღკვეთა შეეჩერებინათ თავიანთი ნათესავებისთვის. ზოგი, ბანკმა რომ არ მისცა კრედიტი, კერძო მევახშეებთან წავიდა და უფრო მაღალ პროცენტში გამოიტანა კრედიტი. ზოგმა ტურისტული ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ იმ პერიოდში მოგეხსენებათ, თუ ვინმეს რამე ბიზნესი ჰქონდა, ის აუცილებლად სახელმწიფოს კლანჭებში ხვდებოდა, შემდეგ ისინი კარგავდნენ ბიზნესს. ხალხი ხდებოდა არაგადამხდელუნარიანი. მრავალი ათასი ადამიანი იმ რეალობის წინაშე დგას, რომ დაკარგა ქონება. ეს პრობლემა მარტო თბილისში, ქუთაისში, ან სხვა ქალაქში არ არის. ძალიან სერიოზული პრობლემაა მთელი საქართველოს მასშტაბით. მსოფლიოშიც არსებობს მსგავსი პრობლემები“, - ამბობს თამაზ ბაკურაძე.
ნანი შარაშიძე იპოთეკით დაზარალებულთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. მას თავადაც აქვს პრობლემა, ბინა გაუყიდეს სესხის გადაუხდელობის გამო. ნანი გვიყვება, როგორც თავის, ისე სხვის პრობლემებზე, როგორ აღმოჩნდნენ მძიმე დღეში.
„ზოგს მძიმე ავადმყოფი ჰყავდა ოჯახში და თანხა ესაჭიროებოდა. ბანკმა რომ უარი უთხრა კრედიტის გამოტანაზე, ძალიან დიდი ბრუნვები უნდა ჰქონოდათ, სესხი რომ გაეკეთებინათ, იძულებული გახდა ხალხი ასეთ შემთხვევაში კერძო იპოთეკართან, ან მიკროსაფინანსოებთან წასულიყო. ახლა მიკროსაფინანსო ისე იქცევა, როგორც ბანკი, მაგრამ ადრე თავისუფლად გასცემდა სესხს მაღალ პროცენტებში. ამიტომ ჩავარდა ეს ხალხი ამ დღეში.
მე პირადად, 9 200 ევრო მქონდა აღებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. 4 თვის განმავლობაში ვერ გადავიხადე, პრობლემა შემექმნა, მარკეტი დამიკეტეს და ვერ გადავიხადე. 4 თვის მერე წელიწადი ვთხოვე გრაფიკი შეედგინათ. ეთქვათ, რამდენი მქონდა გადასახადი. რამდენზე ავიდა ეს 9000 ევრო, მაგრამ ერთი წლის მანძილზე ვერ მითხრეს. რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ, ადგილი უნდა გამოვიცვალოთ, ახალ ოფისში რომ გადავალთ, მერე გეტყვით, რა გაქვთ დავალიანებაო. როცა ადგილი შეიცვალეს, მერე აღარ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე. არც გრაფიკის შედგენაზე. პირველი ცნობა რომ მოვთხოვე, 31 ათასი ევრო იყო, მეორე ცნობაზე რომ მივედი, უკვე ლიბერთი ბანკში კრედიტს ვაკეთებდი, 22 ათასი დოლარი მითხრეს, მესამე ცნობა 19 ათასი დოლარი. 19 ათასი დოლარიდან უნდა გამეკეთებინა სესხი. დრო მომცეს, მაგრამ ამ შუალედში გამიყიდეს ბინა 13 ათას დოლარად. აი, ამას აკეთებენ მიკროსაფინანსოები და იგივეს აკეთებენ ბანკები“, - ამბობს ნანი შარაშიძე.
იპოთეკით დაზარალებულები გამოსავალს გამოსახლების გადავადებაში ხედავენ და მოითხოვენ, პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მიღებას, რომელიც„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას“ ითვალისწინებს. კანონპროექტის მიზანია არსებული კანონმდებლობის საქართველოსკონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, უძრავი ქონებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობის გაუქმება.ამის შედეგად, ფორმალურ მესაკუთრესა და ფაქტობრივ მფლობელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ დავას განიხილავს და გადაწყვეტს პოლიტიკურადნეიტრალური ხელისუფლება - სასამართლო, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც არსებითად გამორიცხავს ყველა იმმანკიერ შედეგს, რაც დამახასიათებელია საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტისათვის.
თუმცა ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს და როგორც ნანი შარაშიძე ამბობს, თაროზე შემოდეს.
„პარლამენტმა ბოლოს და ბოლოს ვერ მიიღო გადაწყვეტილება. პირველი მოსმენით გავიდა, მაგრამ შემდეგ შემოდეს თაროზე. იმიტომ რომ არ აწყობთ! ნახევარზე მეტი პარლამენტში მევახშეები არიან! არ აწყობთ ამ კანონპროექტის გასვლა, იმიტომ რომ ჩაეშლებათ ბიზნესი!
ამ კანონის მიღება ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. სასამართლოს გარეშე აღარ გამოსახლდება საკუთარი ბინიდან ადამიანი. ჯარიმის პროცენტი მოიხსნება და თავისუფლად შეძლებს უკვე ადამიანი ამის გადახდას. რა თქმა უნდა, დაბალპროცენტიანი სესხებიც უნდა გასცენ, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. დოლარის გაძვირებასთან დაკავშირებით რამხელა პრობლემა გვაქვს შექმნილი. თქვენც იცით, რა მდგომარეობაშია ხალხი. ყველას ვისაც პრობლემები აქვს, დოლარში აქვს სესხი აღებული“, - აცხადებს იპოთეკით დაზარალებული.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძის თქმით, ძალიან რთული მემკიდრეობა დარჩა ახალ მთავრობას, მაგრამ მოქმედმა ხელისუფლებამ რაღაც რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, მალე დავდგეთ სოციალური აფეთქების წინაშე. ბაკურაძე ასევე ბანკებს ახსენებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა მათაც გააჩნიათ.
„პირველ რიგში, ბანკები არ ითვალისწინებენ სოციალურ პოლიტიკას. სოციალური პასუხისმგებლობა ხომ აკისრია თითოეულ ბანკს? აბსოლუტურად არ ხდება ამის გათვალისწინება ჩვენი ბანკების მიერ. მით უმეტეს, მარტო ეხლა ლარის გაუფასურების დროს ყველაზე მეტად გამდიდრდა და შემოსავალი მიიღეს ბანკებმა. ეს ქვეყანა ხომ მათიც არის? მათაც ხომ უნდა გაითვალისწინონ ამ ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობა? ყველა თუ უფულოდ დარჩება, ვინღა იქნება მათი კლიენტი?
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია წინააღმდეგია ბანკებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების, რადგან ამ ხალხს თავის დროზე არ მისცა ბანკმა სესხი და იმიტომ წავიდნენ იპოთეკარებთან. გვასალიას თქმით, მათ საბანკო სექტორი შემოვლილი ჰქონდათ სანამ კერძო პირებს მიადგებოდნენ.
„თავიდანვე აშკარა იყო, რომ ამ სესხის გადახდას ვერ შეძლებდნენ. კერძო პირები არც ამოწმებენ, არიან თუ არა გადამხდელუნარიანები, ვისზეც სესხს გასცემენ. იღებენ ქონებას და მიზერულ თანხებს გასცემენ სანაცვლოდ. მეათედს. 100%-იანი გარანტია აქვთ, თუ ვერ ამოიღებენ გაცემულ თანხებს, იმ ქონებას უყიდიან და ასე ამოიღებენ გაცემულ თანხებს. ორამაგად და სამმაგად. ბაკებისკენ ხელს რომ იშვერენ, ბანკებმა რა უნდა ქნან? ასეთ ადამიანს ბანკმა როგორ მისცეს სესხი? რომ ვერ გადაიხადონ, მერე რა გავაკეთოთ?
როგორ უნდა გასცენ ბანკებმა გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები? პარლამენტს რომ მიმართავენ, მან ბანკებს უნდა უბრძანოს სესხების გაცემა? არ გამოვა ეგრე! ხელისუფლება ვერავის უბრძანებს, მით უმეტეს, კომერციულ ბანკებს: გინდა თუ არა იპოთეკით დაზარალებული რომ მოვა შენთან, იმაზე სესხი უნდა გასცეო! ეს ხომ წარმოუდგენელი რამეა? როგორ შეიძლება ასეთი რამე? ბანკი კერძო სტრუქტურაა, სადაც მოქალაქეების ფულია ჩადებული. თქვენ რომ მიხვალთ ბანკებში და თქვენს ფულს მოითხოვთ და ბანკებმა რომ გითხრან, იცით, სოციალური პასუხისმგებლობა გამოვიჩინეთ და იმათ მივეცით თქვენი ფული, ვინც ქუჩაში რჩებოდა და როდის დამიბრუნებს, ის არ ვიცითო?!“ - ამბობს გვასალია.
საბანკო ასოციაციის პრეზეიდენტი ასევე წინააღმდეგია გამოსახლების კანონში შესატანი ცვლილებების, რის შედეგადაც აღსრულების პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა დაიწყოს.
„შსს, აღსრულების ეროვნული ბიურო, ბიზნესომბუდსმენი, ბანკების ასოციაცია, წინააღმდეგია იმ ცვლილებებზე, რომლის გატარებასაც აპირებენ. ეს მთლიანად გააუარესებს სიტუაციას.
სასამართლო გადაწყვეტილებებით თუ უნდა მოხდეს გამოსახლება, ეს იმდენად იქნება დროში გაწელილი, რომ ყოველგვარი გათვლის გაკეთება წარმოუდგენელია. ეს სერიოზულად იმოქმედებს საბანკო სექტორზე. ერთ-ერთი მყარ უზრუნველყოფას, როგორიცაა უძრავი ქონება, ვერ გამოიყენებენ სესხის ასაღებად. აღარ მისცემენ უბრალოდ და დამთავრდება ყველაფერი.
პროცედურაა ისეთი სასამართლო ვერ შეძლებს ამას ძირეული რეფორმების გარეშე. მოსამართლეებიც კი არ ეყოფა, ამაზე სასამართლო პროცესები ჩაატარონ. გართულებული პროცდეურა იქნება სესხის გასაცემადაც. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტი აცხადებს რომ ეს მიღწეულია კონსესუსის შედეგად. არაფერი მიღწევადი არ არის. ჩვენი პოზიცია მარტო სიტყვიერად კი არ ვთქვით, არამედ ქაღალდზეც დავწერეთ და იურიდიულ კომიტეტს გადავუგზავნეთ“, - ამბობს ზურაბ გვასალია.
საბანკო ასოციაციის პრეზეიდენტი აცხადებს, რომ ბანკები, თავის მხრივ, სანამ ქონებას გაუყიდიან დაზარალებულს მანამდე, იქ სადაც შეიძლება სესხის რესტრუქტურიზაცია, გადავადება, სადაც შეიძლება რაიმე დახმარების აღმოჩენა, მაქსიმალურად მოწადინებულია, ეს ყველაფერი გააკეთოს.
„ვერცერთი მსესხებელი ვერ იტყვის, ბანკმა სახლიდან გამომაგდო, ისე რომ არ დამლაპარაკებია, დახმარება არ გაუწევია და არანაირ დახმარებაზე არ წამოსულა. ბანკმა მაქსიმალურად შეისწავლა მათი მდგომარეობა. ბანკისთვის აღსრულება იმდენად რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული, დროში გაწელილი პროცედურაა და მაქსიმალურად ხარჯიანია თავად ბანკისთვის. ვერ იტყვიან იმას, რომ პროცედურების გვერდის ავლით ბანკი მათ სახლში შეუვარდა და გამოასახლა“, - აღნიშნავს გვასალია.
რაც შეეხება დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემას, რასაც დაზარალებულები ითხოვენ, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, შეუძლებლად მიიჩნევს.
„ეს ხომ აბსურდია! მე მესმის მათი მძიმე მდგომარეობა, მაგრამ მათ თავის დროზე შეცდომა დაუშვეს. ბევრს მართლაც გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდა და ამ თანხებით ჯანმრთელობის, ან ახლობლების გადარჩენა უნდოდათ, მაგრამ ხელისუფლებამ რომ ბანკები დაავალდებულოს, დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები რომ გასცენ, ეს არ მოხდება! არცერთ ლოგიკაში არ ჯდება! ბანკებმა ლარის გაუფასურებით რომ მოგება მიიღეს, ესეც აბსურდია! ლარის გაუფასურებით ყველაზე მეტი ზარალი მიიღო საბანკო სექტორმა. მთელი საკრედიტო განაკვეთის 65% გაცემულია დოლარებში. სესხის, ლარის გაუფასურების გამო ამ 65%-ის ამოღებისას, რა საფრთხის წინაშე დადგებინ ბანკები, წარმოგიდგენიათ?“ - სვამს კითხვას ზურაბ გვასალია.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ვისგანაც ითხოვენ დაზარალებულების პრობლემების მოგვარებას და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, როგორც აღვნიშნეთ, გამოსახლების შეჩერების შესახებ კანონის განხილვები ჯერ არ მიმდინარეობს, რაც შეეხება დაბალპროცენტიან კრედიტებს, არც ამაზე აქვთ მკაფიო პოზიცია.
უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე თავის დროზე ცდილობდა პრობლემის მოგვარებას და საკანონმდებლო ინიციატივაც დააყენა პარლამენტის წინაშე, თუმცა ამჯერად „ახალ გაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს ფინანსური რესურსი არ აქვს და აქციებითაც საქმე არ გაკეთდება.
„სესხებთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ფინანსური საკითხია და სახელმწიფო ამ შემთხვევაში თავის პრიორიტეტებს თავისებურად განსაზღვრავს. მე ყოველთვის ვამბობდი, სანამ სესხის აღებამდე მივიდოდა საქმე, ადამიანების ეს წრე ყოფილიყო დიფერენცირებული. ყველას ერთი სტანდარტით არ უნდა მიუდგე. დაზარალებულთა ერთ კატეგორიაზე სახელმწიფოს შეღავათები თუ განხორციელდება, ავტომატურად დაიჩაგრება მეორე კატეგორია, რომლებმაც უკვე დაკარგეს ბინები. ეს უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან.
ახლა არ არის მაგის რესურსი. სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად იზარალებს. რესურსი ამოწურვადია. რას დააკლოს ფული, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას? ესეც ხომ ხალხს სჭირდება? ჩემთვის რომ ეთქვათ: მითხარით, რას მოვაკლოთ ფული, საიდან წამოვიღოთ? მე გამიჭირდებოდა თქმა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, მოდი ჩინოვნიკებს ხელფასებზე დავაკლოთო, მაგრამ აქაც ორმაგი პოზიციაა. თუ შენ ჩინოვნიკს სათანადო ხელფასს არ უხდი, მაშინ ის მექრთამეობას დაიწყებს და ეს ცალკე პრობლემას შექმნის.
აქციებით მიღწეული შედეგების მე დიდად არ მჯერა, მე მაინც მგონია, რომ როდესაც ასეთი რაღაც ხდება, პრობლემის სისტემატიზაციით უნდა დავიწყოთ. თავიდან ვამბობდი, რომ მორატორიუმი გამოცხადებულიყო და მერე ამას მოჰყვებოდა დაზარალებულთა დიფერენცირება. მარტო გამოსახლებაზე თუ გაკეთდება აქცენტი, დავძაბავთ სამოქალაქო ურთიერთობებს. ისედაც ხომ ორი მხარეა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი შეურაცხოფა მოვისმინე იმ ხალხისგან, ვინც გამსესხებლები არიან. ამ ინიცატივით რომ გამოვდიოდი, უშვერი სიტყვებით მიხსენიებდნენ მევახშეები. ეს არ არის ერთი მხარის პრობლემა. მათ მიაჩნით, რომ გაასესხეს ფული და ახლა უნდა დაიბრუნონ.
ჩვენს კითხვაზე დაზარალებულები წინასაარჩევნო დაპირებებს იხსენებენ, მაშინ როცა ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნება“ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და ახლა რატომ არ ხდება მათი შესრულება, გედევან ფოფხაძე გვპასუხობს:
„წინასაარჩევნო დაპირება ძალიან ზოგადი ხასიათის იყო. ის, რომ ვინმეს დაჰპირებოდდნენ მაინც და მაინც სესხის მიცემას, ვიღაცას მაშინ უნდა ეთქვა, როგორ შეიძლებოდა ამის მოგვარება. პირველ რიგში, ამ ხალხის დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ. მაგრამ დიფერენცირების პროცესშიც შეიქმნა უკვე პრობლემები. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება სახელმწიფომ არ მისცეს თაღლითებს საშუალება, რომ ეს ხალხი კიდევ გააუბედურონ. სახელმწიფომ უნდა მართოს ეს პროცესი“, -აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.
ავტორი: