"2019 წლის სამოქმედო გეგმა ქართულ-ფრანგული ურთიერთობებია"- ქალთა კლუბი
ქალთა კლუბის 2019 წლის სამოქმედო გეგმა ქართულ-ფრანგული ურთიერთობებია, - განაცხადა ქალთა კლუბის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ასმათ გოგატიშვილმა.
ასოციაციასთან „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ არსებული ქალთა კლუბი ყოველწლიურად ახალ თავმჯდომარეს ირჩევს, რომელიც იმ წლის ღონისძიებებს წარმართავს.
ქალთა კლუბი უკვე არსებობის თორმეტ წელს ითვლის. მასში გაერთიანებული არიან წარმატებული ქალბატონები, რომლებიც წლიდან წლამდე სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. ქალთა კლუბს ფილიალები აქვს ბათუმსა და ზუგდიდში.
შეხვედრაზე, რომელსაც "პოზიტივის დღე" უწოდეს, ქალებმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს.
"ჩვენ აღვნიშნავთ წინა კალენდარული წლის განმავლობაში ქალთა კლუბის წევრების მიერ განსაკუთრებული წარმატებების შესახებ. ამ მხრივ გამორჩეულია წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორის ნუგეშა გაგნიძის მოხსენებით გამოსვლა გერმანიაში, მან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ორი წიგნი წარადგინა, რაც განსაკუთრებული წარმატებაა, ასევე ფეხსაცმლის დიზაინერმა წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორმა ლელა კიკნაველიძემ წარმატება მოიპოვა კიევის საერთაშორისო ფესტივალზე, მან ნომინაციაში - "პროარტი" პირველი ადგილი აიღო, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი წარმატებები"- განაცხადა ქალთა კლუბის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა.
ქალთა კლუბის შეხვედრა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. მას საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი