"ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის"
ამერიკაში მოღვაწე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დავით პაპავა NOBLE PARTNER 2016-ის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა.
_ როგორ დაიწყო თქვენი სამხედრო კარიერა?
_ სამხედრო კარიერა 1998 წლის აპრილში საქართველოში დავიწყე. თავდაცვის სამინისტროში უმცროსი ლეიტენანტის სტატუსით 2000 წლამდე ვიმუშავე, შემდეგ გადავედი რესურსების მართვის განყოფილებაში, ცოტა მოგვიანებით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2005 წელს იმიგრაციაში აშშ-ში წავედი. 2007 წლის იანვარში ჩავეწერე ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიაში.
_ თქვენი ამერიკული კარიერა...
როგორც უკვე გითხარით, 2007 წელს გვარდიაში ჩავეწერე. გავიარე საწყისი საბრძოლო მომზადება, ავიღე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის დიპლომიც. 560-ე სადაზვერვო ბრიგადასა და 221-ე სადაზვერვო ბატალიონის წევრი გახლდით. დაახლოებით, ორი წელი 108-2 ქვედანაყოფში ვიმსახურე. 2015 წლის ოქტომბერში ინსტრუქტორად დავინიშნე და მას შემდეგ სამხედრო სპეციალობას ვასწავლი.
_ საქართველოში რა პერიოდით გიწევთ ხოლმე ჩამოსვლა?
ახლა 2016 წლის მაისში ჩამოვედი. მანამდე 7 წელი არ ვიყავი ნამყოფი. რაც იმიგრაციაში წავედი საქართველოში 3 ჯერ მომიწია ჩამოსვლა. სამივე ჩამოსვლა წვრთნებს უკავშირდება. ახლაც „ ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ვიმყოფები ვაზიანში.
_ კონკრეტულად რა გევალებათ წვრთნის ფარგლებში?
აქ გახლავართ სატრანსპორტო მომსახურების სერჟანტი. ვმუშაობ ლეიტენანტთან ერთად და ძირითადად ტრანსპორტის კოორდინაციას ვკურირებთ, რა თქმა უნდა, ქართულ მხარესთან ერთად. ეს ძალიან საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია.
_ როგორ შეაფასებდით ქართველ სამხედროებს? წვრთნებს, სადაც ისინი იღებენ მონაწილეობას?
ხშირად მითქვამს, რომ როდესაც ქართულ ჯარში დავიწყე სამსახური 1998 წელს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და კორუფციული ინსტიტუტი. არაფერი არ ხდებოდა ჯარში. ახლა ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის. ჯარი არის ძალიან კარგად მომზადებული და მოტივაცია არის მაღალი. ნათლად ჩანს, რომ ქართველი სამხედროები საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.
_ როგორ შეაფასებდით „ღირსეულ პარტნიორ 2016“-ს?
ეს წვრთნა არამარტო საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის დონეს ამაღლებს, აქ არიან ჩამოსული ამერიკელები, ბრიტანელები. ეს მათთვისაც დიდი შესაძლებლობაა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. წვრთნების დაწყებისას ამერიკელებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები! ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს _ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ ნატოს ინტერესები დაიცვას მოკლე ვადაში, ეს ასეული იქნება ამისთვის მზად.
_ ხშირად გვსმენია სკეპტიკური დამოკიდებულება ნატოს წვრთნების შეფასებებისას...
ეროვნული მნიშვნელობის წვრთნებია! ქართული ასეული საერთაშორისო დონეზე იქნება სერტიფიცირებული. ეს ხომ ძალიან კარგია?! ქართველ სამხედროებს მინდა ვუთხრა _ ისეთი დონის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ასეთი წვრთნა (NOBLE PAღთNEღ 2016) არის ძალიან მაგარი. მშურს ქართველი სამხედროების, მიუხედავად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებისა, მაინც ქართულ ინტერესებს ემსახურებიან. ქართული ჯარი ჩემთვის სამაგალითოა..
სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge
ვებ-გვერდი mod.gov.ge
ავტორი: ნიუპრესი