„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატს არ წარადგენს”
„მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში”,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, საპარლამენტო დემოკრატიაში პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური და ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი უნდა იყოს, რომელიც პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ერთვება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, პრეზიდენტს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება გაუჭირდება.
„დღეს შედგა პარტიული შეხვედრა პარტიის პოლიტიკური საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით, სადაც განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, მათ შორის მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის თაობაზე.
მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით:
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
ამ სისტემაში, პრეზიდენტს არა აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება და მას, არსებითად, ეკისრება წარმომადგენლობითი ფუნქციები. საპარლამენტო სისტემაში, პრეზიდენტი არც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას და არც ახორციელებს მას, იგი ვერ წარდგება პოლიტიკური პროგრამით საზოგადოების წინაშე. საპარლამენტო დემოკრატიაში, პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალყურს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს;
პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, პრეზიდენტს გაუჭირდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება;
პრეზიდენტის პოსტზე, „ქართული ოცნების“ პარტიული კანდიდატის არჩევა მით უფრო არასასურველია დღეს, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობის ორგანოებში და ფლობს პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების ძლიერ ბერკეტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე და ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია ექნება.
„ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს, როგორც მმართველი პარტიის, პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, მათ შორის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის წინაშე, რომელმაც უკანასკნელ საყოველთაო არჩევნებში მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ უსაზღვროდ ექნება მკაფიო პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ჩვენ. შესაძლოა. ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს, ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებაში.
„ქართული ოცნება“, 2012 წლიდან, მყარად ამკვიდრებს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება შეიტანს უმნიშვნელოვანეს წვლილს პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებაში, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს ქმედითი საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ავტორი: ნიუპრესი